13 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორიის ,,მედ დიაგნოსტიკა” დამფუძნებელი ნათია ცაბუტაშვილი სტუმრობდა, რომელმაც მედიცინის სიახლეებსა და საკუთარ საქმიანობაზე ისაუბრა.
მედიცინით ბავშვობაში დაინტერესებულმა ნათიამ, სოლიდური განათლების მიღების შემდეგ პირველი სამუშაო გამოცდილება საქართველოს პარლამენტში შეიძინა, საიდანაც ჯერ მრავალპროფილურ ონკოლოგიურ კლინიკაში „ქირონში“, მერე ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკასა და სამედიცინო ცენტრში „იუნონაში“ გადაინაცვლა. იყო ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო ორგანიზაციის „ევროპა დონას“ საქართველოს ოფისის მრჩეველი და კიბოს კვლევის ჯგუფის წევრი. დააფუძნა ამიერკავკასიის გენომიკის და პროტეოლიკის კვლევითი ორგანიზაცია, კიბოსთან ბრძოლის ალიანსი და გენეტიკური კვლევის ცენტრი „ალელი“, დღეს კი, მისივე დაფუძნებულ კვლევით ცენტრს „მედ დიაგნოსტიკა” ხელმძღვანელობს.
– ნათია, ძალიან აქტიური ქალბატონი ბრძანდებით სოლიდური სამუშაო გამოცდილებით. საინტერესოა, რა გაძლევთ სტიმულს ამგვარი აქტიურობისთვის?
– ძალიან დიდ დროს ვუთმობ სწავლას, რასაც მოგვიანებით პრაქტიკაში ვიყენებ. არსებულ სიტუაციაში კი, როცა კორონავირუსმა და პანდემიამ სრულიად განსხავვებული რეალობა შექმნა და მას მორგება გვაიძულა, უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვიგრძენი, რადგან უამრავ ადამიანს სჭირდება ჩვენი დახმარება. ვფიქრობ, სწორედ სხვათა დახმარების სურვილია სტიმულიც და მამოძრავებელი ძალაც, რაც დაღლილობის მიუხედავად მაინც მუშაობას გვაიძულებს. მართლაც ძალიან დატვირთული რეჟიმით ვცხოვრობ, თუმცა სწორედ ესაა ჩემი ცხოვრების სტილი, რადგან უზარმაზარ სიამოვნებას მანიჭებს საქმე, რომელსაც ვაკეთებ.
– რამდენ პროექტზე შეგიძლიათ ერთდროულად მუშაობა?
– ყოველთვის რამდენიმე საქმეს ვაკეთებ ერთდროულად და ახლაც რამდენიმე განსხვავებულ პროექტზე ვმუშაობ. მთავარია, ნებისმიერ პროექტში ფასეული დავინახო და მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად რთული იქნება მისი განხორციელება.
– რას თვლით თქვენს მთავარ მიზნად?
– 21-ე საუკუნე – მეცნიერების საუკუნეა, რომელმაც უამრავი სიახლე, ტექნოლოგიური საოცრება შემოგვთავაზა. მეც სწორედ სიახლეების – კვლევისა და დიაგნოსტიკის ახალი მეთოდების დანერგვას ვცდილობ მედიცინის სფეროში.
– მედიცინით ბავშვობაში დაინტერესდით. როდის გადაწყვიტეთ, რომ სწორედ მედიცინას აირჩევდით საკუთარ პროფესიად?
– ექიმების ოჯახში გავიზარდე, ამიტომ არც მიფიქრია სხვა პროფესიის არჩევა. მართალია, ძალიან გამიჭირდა კონკრეტული პროფილის შერჩევა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ონკოქირურგია ვარჩიე.
– მედიცინის სიყვარულის მიუხედავად, რომელ პროფესიას შეითავსებდით?
– ისედაც ძალიან ბევრი პროფესია მაქვს შეთავსებული, რადგან სრულიად განსხვავებულ სფეროებში მიწევს საქმიანობა.
– რაზე მუშაობთ ახლა?
– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოლეკულური დიაგნოსტიკის განვითარება საქართველოში. მართალია, ევროპასა და ამერიკაში სამეცნიერო ინსტიტუტებს განვითარების ბევრად მეტი შანსი აქვთ, რადგან ფინანსურად არიან უზრუნველყოფილი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთულია მასშტაბური კვლევების წარმოება, არადა დღეს პრაქტიკული მედიცინა წარმოუდგენელია მეცნიერების გარეშე, რადგან სწორედ კვლევის შედეგებით იქმნება ის გაიდლაინები, რომლებითაც ექიმები ხელმძღვანელობენ. სადოქტოროზე მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ საქართველოში არასდროს ჩატარებულია ძუძუს კიბოს პოპულაციური კვლევა და საერთოდ არ ვიცით რა ტიპის, რა რაოდენობის გენეტიკური მუტაციები გვაქვს. სწორედ მაშინ დავუკავშირდი საქართველოდან ემიგრირებულ ბიოლოგებს, რომლებიც წარმატებით საქმიანობენ ევროპულ, ამერიკულ კვლევით ინსტიტუტებში და სწორედ მათ შევთავაზე თანამშრომლობა, თუმცა დღეს არა მხოლოდ ქართველ, არამედ უცხოელ მეცნიერებთანაც აქტიურად ვურთიერთობთ. მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ამიერკავკასიის რეგიონი და ჩვენი გენომი, რომელიც ნაკლებად ჰქონდათ შესწავლილი. მიხარია, რომ ბიოლოგიით ახალგაზრდებიც დაინტერესდნენ, უამრავ ახალგაზრდა ბიოლოგთან მიმუშავია და ძალიან კმაყოფილი ვარ მათი შემართებითა და ენთუზიაზმით.
– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
– გეგმები მართლაც მრავლად მაქვს, თუმცა ახლა ძალიან საინტერესო პროექტზე – პროფილაქტიკური დიაგნოსტიკის მეთოდზე ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, აუცილებელია დაავადების კვლევა, სწორი დიაგნოზირება და მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შერჩევა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია დაავადების პრევენცია, რასაც პირველ რიგში სწორედ პროფილაქტიკური გამოკვლევა უზრუნველყოფს. ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს რა დაავადებისკენ აქვს მიდრეკილება, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი გართულება. სავარაუდოდ, ძალიან მალე გაიხსნება ახალი ცენტრი, სადაც გენეტიკური დნმ-დიაგნოსტიკის ჩატარება ინოვაციური ტესტებით იქნება შესაძლებელი.
– რამდენად ინტერესდებიან საქართველოში მსგავსი პრევენციული ზომებით?
– ისე დააფრთხო კოვიდმა მოსახლეობა, რომ მსგავსი მოთხოვნილებაც ერთი-ორად გაიზარდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.
– რა პრინციპით ირჩევთ თანამშრომლებს და რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი გუნდის შექმნა?
– ლაბორატორაიში მოღვაწე ბიოლოგებს თუ არ ჩავთვლი, ძალიან სპონტანურად შევკრიბე თანამშრომელთა გუნდი. გამიმართლა, რადგან არაჩვეულებრივი ადამიანები გავიცანი და ძალიან მეგობრული ჯგუფი შევკარით.
– რა პროექტით ამაყობთ ყველაზე მეტად?
– წლების წინ ფარისებრი ჯირკვლის კვლევა ჩავატარეთ. ძალიან შრომატევადი, თუმცა საოცრად საინტერესო სამუშაო აღმოჩნდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ფილტვის, ნაწლავის და კანის სიმსივნის კვლევითი სამუშაოები, რადგან უამრავი ახალი ინფორმაცია შევიძინეთ.
– გაქვთ თუ არა სამაგიდო წიგნი?
– წიგნებს იმ კვლევის მიხედვით ვირჩევ, რომელზეც ვმუშაობ. ამჯერად ნუტრიციოლოგიით ვარ დაინტერესებული, ამიტომ ინფორმაციასაც ამ თემაზე ვეცნობი.
– თქვენი საუკეთესო თვისება, რომელიც საქმიანობაში გეხმარებათ?
– საქმის სიყვარული.
– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?
– ძალიან რადიკალური ვარ, ამიტომ გადაწყვეტილებასაც სწრაფად ვიღებ.
ბლიცკითხვები
– რას ანიჭებთ უპირატესობას – თეთრ ხალათს თუ სპორტულ სამოსს?
– რა თქმა უნდა, თეთრ ხალათს.
– სად ისვენებთ ყველაზე კარგად?
– ძალიან მიყვარს ჩემს შვილთან ერთად გართობა.
– საყვარელი კერძი?
– სალათები.
– გაქვთ თუ არა ფობია?
– ძალიან მეშინია წყლის და სიმაღლის.
– საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გახარებთ?
– ყვავილების თაიგული.
– ბავშვობის ოცნება, რომელიც ჯერ ვერ აისრულეთ?
– ყოველთვის ექიმობაზე ვოცნებობდი და ასრულებაც შევძელი. თუმცა, ახლა წიგნის დაწერაზე ვოცნებობ.
– ხართ თუ არა კოლექციონერი?
– ძალიან მომწონს ქართველი მხატვრების ნამუშევრების შეგროვება.
– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?
– თქვენს გაღიმებულ პორტრეტს.
– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?
– ვფიქრობ, მთავარი სწავლა და ცოდნის შეძენაა, თუმცა არა ვალდებულებით, არამედ ინტერესით და სიყვარულით. არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანების სიყვარული და მათთან კომუნიკაციის უნარი.