LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთავარია, დამნაშავეები დაისაჯონ, რა აზრი აქვს მუხლის გადაკვალიფიცირებას – ეს ოჯახს შეღავათს მისცემს?”

181
გიორგი (1)

გიორგი შაქარაშვილის გახმაურებული საქმე რომ კიდევ დიდხანს იქნება მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ამაზე ის ფაქტებიც მოწმობს, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ბევრი კითხვა ჩნდება საქმეში და პასუხები ბევრ რამეზე, ისევ არაა.

ზოგიერთი იტყვის, ვაცადოთ გამოძიებასო – კი ბატონო, ვაცადოთ, მაგრამ უნდა გაგახსენოთ ბევრი თაროზე შემოდებული საქმე – ასე გვეუბნებოდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების დროს, ვაცადეთ და მერე? რაიმე შედეგი გახსოვთ? არაფერი. ასე გვეუბნებოდნენ, ხორავას ქუჩის საქმეზე – ვაცადოთ გამოძიებასო, ვაცადეთ და რა მოხდა, გამოიძიეს? სანამ ხალხი ქუჩაში არ გავიდა, რას გვეუბნებოდა გამოძიება , რომ არა პროტესტის დიდი ტალღა, კონკრეტული მაღალჩინოსნის სახელთან დაკავშირებული ადამიანი ისევ გარეთ იქნებოდა, თუმცა საქმეზე დღემდე მაინც დარჩა კითხვები.

ჰოდა, ვის ვაცადოთ – გამოძიებას, რომელმაც არ გააგრძელა მცხეთის აგარაკზე საგამოძიებო მოქმედებები და ჯერ გიორგი შაქარაშვილის ცხედარიც არ იყო ნაპოვნი, რომ აგარაკი გაქირავდა? რომელ გამოძიებას ვაცადოთ, რომელიც არ დაინტერესდა, რატომ არ დაიწყეს გამოძიება სამართალდამცველებმა, თუ ისინი 112-ში შესული ზარის მერე ნამდვილად მივიდნენ ადგილზე; რომელ გამოძიებას ვაცადოთ, რომელიც არ დაინტერესდა, დროულად ამოეღო ვიდეოკადრები ყველა კამერიდან, რომ ბოლოს თბილისის მერიას არ ეთქვა, ხანდაზმულობის ვადა გაუვიდაო; რომელ გამოძიებას, რომელიც მედიაში გასული მასალის მერე დაინტერესდა, რატომ დაიწვა ის ადგილი, სადაც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე გურამ ამირხანაშვილი იმალებოდა?!
რას უნდა ელოდოს საზოგადოება, როდესაც მოწმეები, საეჭვოდ, რამდენჯერმე ცვლიან ჩვენებებს და თანაც, ფაქტია, ბრალდებულების სასარგებლოდ. ჯერ იყო ამბობდნენ, თავისუფლება უკანონოდ აღმიკვეთესო, მერე თქვეს, ნებით ჩავჯექი მანქანაშიო (გურამ ამირხანაშვილის ჩვენება), ჯერ იყო, რომ მოძალადეები მისდევდნენ შუაღამეს რკინის ხელკეტებით და მერე თქვეს, ფიზიკური ანგარისშწორების მიზნით არ მოგდევდნენო (ვახო ახვლედიანის ჩვენება). ერთ-ერთმა მოწმემ ისიც თქვა, რკინის საგანი მომხვდა ფეხში, მაგრამ ფიზიკური ტკივილი არ განმიცდიაო.

მოკლედ, საქმეზე რომ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა და თან ისეთი, რომ პირდაპირ გამოძიებას უკავშირდება, რატომ არ ინტერესდებიან საქმის ამდენი დეტალით, რომლებიც მედიასაშუალებებმა აღმოაჩინეს.

ახლა უკვე ვიცით ექსპერტიზის დასკვნაც და გარდაცვალების მიზეზიც – ასფიქსია წყალში დახრჩობით – მაგრამ ისევ არ ვიცით, როგორ აღმოჩნდა გიორგი შაქარაშვილი წყალში – გადააგდეს ? ხელი კრეს? მისდევდნენ და ფეხი დაუცდა და ჩავარდა? 

დღევანდელმა დასკვნამ ისიც გვითხრა, რომ სიცოცხლემდე შაქარაშვილს მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. 

 

რადიო “ფორტუნამ” ამ საქმეზე ექსპერტ-კრიმინალისტი ჩაწერა, რომელმაც “დღის თემაში” ისაუბრა და ექსპერტიზის დასკვნა შეაფასა.

ზაზა ალთუნაშვილმა გვითხრა, რომ დასკვნამ, ფაქტია, დაადასტურა გარდაცვალების მიზეზი.

“მეორე ნაწილი იყო, რომ მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, რაზეც მეორე-მესამე დღესვე საუბრობდნენ. როგორც ჩანს, დაზიანებები ნაკლებად მძიმეა და სიკვდილი, ფაქტობრივად წყალში დახრჩობამ გამოიწვია. ყველა ელოდებოდა ამ დასკვნას, თითქოს ამით ნათელი მოეფინებოდა ყველაფერს, ასე არაა, რა თქმა უნდა, ჩასატარებელია ბევრი სხვა ღონისძიება. დღეს გამოიკვეთა და აღინიშნა, რაზეც ექსპერტმა გეჯაძემაც ისაუბრა, რომ საჭიროა, კომპლექსური ღონისძიებების ჩატარება, რათა დადგინდეს, როგორ მოხვდა შაქარაშვილი წყალში. დასკვნა მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანის სიკვდილი რამ გამოიწვია – ამის დადგენის გარეშე სამართალწარმოება არ არსებობს”, – ამბობს ექსპერტ-კრიმინალისტი.

"გიორგი მოკლულია" - შაქარაშვილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს

"შესაძლებელია დაახრჩვეს და წყალში გადააგდეს... ახლა მთავარია ყველა დამნაშავე დაისაჯოს".

“ფორტუნას” კითხვაზე: საქმის ადვოკატების ნაწილის აზრს, რომ შეიძლება 19 წლის ფეხბურთელი სცემეს და გადააგდეს, რამდენად იზიარებს, ალთუნაშვილმა გვიპასუხა:

“ეს საგამოძიებო მოქმედებებით უნდა დადგინდეს. დღეს მოვისმინე, გარდაცვლილის ბიძის – მირიან ნიკოლაძის განმარტება იყო, რომ “ტოიოტა ქამრიში” ვინც ისხდნენ, ყველა უნდა მიეცეს პასუხისგებაში. როგორც ჩანს, მას აქვს ამის შესახებ ინფორმაცია. ასეთი მშრალი არ იქნება ეს საქმე”. 

ექსპერტ-კრიმინალისტი ჩვენთან საუბარში მუხლის გადაკვალიფიცირებასა და ბრალის დამძიმებაზეც საუბრობს.

“ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რა მუხლით მიდის გამოძიება, მთავარია, დამნაშავეები ამხილონ, მაგრამ თუ ეს ვერ დაადგინეს, რა აზრი აქვს, რა მუხლით იქნება, ოჯახისთვის ეს რამე შეღავათია? არც ოჯახისთვის და არც საზოგადეობისთვისაა ეს შეღავათი”, – ამბობს ზაზა ალთუნაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g