LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მთავარია იყო ლიდერი და არა ბოსი” – მიხეილ ნამადოვი სტუმრად გადაცემაში ,,წარმატების ფორმულა”

72
mixeilnamadovi

გადაცემის ლაივი LIVE

18 ოქტომბერს რადიო ,,ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ,,წარმატების ფორმულა” კომპანიის „კაიროს ლოჯისტიკსის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მიხეილ ნამადოვი სტუმრობდა, რომელმაც სავაჭრო და სამეწარმეო დისტრიბუციის სწორად მართვის მნიშვნელოვნებაზე ისაუბრა.

– ბატონო მიხეილ, როდის დაარსდა „კაიროს ლოჯისტიკსის“?

– კომპანია 2013 წელს დაარსდა აბსოლუტურად სპონტანურად და რაც მთავარია ნულოვანი კაპიტალით. თავიდან უამრავი შეცდომა დავუშვით, რადგან არც ცოდნა გვქონდა, არც გამოცდილება და ყველაფერს ეტაპობრივად ვსწავლობდით, თუმცა მაინც შევძელით ფეხზე დადგომა, რითაც დღეს მთელი გუნდი ძალიან ვამაყობთ.


– რა გავლენა იქონია პანდემიამ კომპანიის მუშაობაზე?

– იმ სირთულეების გათვალისწინებით, რომლებიც წლების მანძილზე გამოვიარეთ, პანდემია ჩვეული მდგომარეობა აღმოჩნდა, აბსოლუტურად არ შეგვშინებია, პირიქით, უფრო მეტად გავძლიერდით. მართალია, შესვენების გარეშე, 7-დღიან რეჟიმში ვმუშაობდით, მაგრამ სახელმწიფოს ხელშეწყობით, მაინც შევძელით ქვეყნის სურსათით და მედიკამენტებით უზრუნველყოფა. 2019 წლისგან განსხვავებით, 2020 წელს უკვე 28-პროცენტიანი ზრდა გვქონდა, წელს კი, 8 თვის შედეგებით კი – ზრდამ 50 პროცენტს მიაღწია. აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ გუნდს და ყველა ჩვენს პარტნიორს, ვინც ნდობა გამოგვიცხადა.

– რა გაძლევთ მოტივაციას სამომავლო განვითარებისთვის?

– პარტნიორების ნდობა – მართლაც სერიოზული მოტივაციაა. უზარმაზარი სტრესის და დაღლილობის მიუხედავად, მაინც ყოველ დილას ვიკრიბებით და ერთად განვიხილავთ ყველა პრობლემას, რათა ახალი და აბსოლუტურად განსხვავებული ლოჯისტიკური სერვისი შევთავაზოთ ჩვენს პარტნიორებს.

– რას საქმიანობდით “კაიროს ლოჯისტიკსის“ დაფუძნებამდე?

– ჯერ ვსწავლობდი, მერე პურის მწარმოებელ კომპანიაში “კოლხი ჯგუფში” ვმუშაობდი, ბოლოს კი, საკუთარი საქმის დაწყება გადავწყვიტე.

– რა პროფესიის შეძენას ნატრობდით ბავშვობაში?

– ბავშვობაში ბიზნესმენობა მინდოდა და მე მგონი ავისრულე ოცნება.

– როგორია კომპანიის მიმდინარე პროექტები?

– ახლა მაქსიმალურად ვცდილობთ უკვე არსებული სერვისების დახვეწას და მომხმარებლისთვის ახალი მომსახურების შეთავაზებას. მომავალ წელს დიჯითალ-პლატფორმის ამოქმედებას ვგეგმავთ, რომელიც საკმაოდ სოლიდური პროექტი იქნება მილიონდოლარიანი ინვესტიციით. იმედი გვაქვს პროექტს საზღვარგარეთაც გავიტანთ. რამდენიმე წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინელ, ბელორუს და ყაზახ პარტნიორებთან, სამომავლოდ კი, დსთ-ს ქვეყნების ბაზარზე გასვლა გვინდა, რათა ყველას დავუმტკიცოთ, რომ საქართველო არა მხოლოდ ტურიზმის თვალსაზრისითაა საინტერესო, არამედ სერიოზული ბიზნესის კეთებაც შეიძლება. ჩვენს ქვეყანას მართლაც უზარმაზარი პოტენციალი აქვს ლოჯისტიკის სფეროში, რადგან ძალიან სასარგებლო გეოგრაფიული მდებარეობა გვაქვს.

– რამდენად გრძნობთ სახელმწიფოს მხარდაჭერას?

– მეტად ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ რამდენიმე პროექტზე, მერე კი, პანდემია დაიწყო. რამდენიმე პროექტი კიდევ გვაქვს, რომელთაც იმედია ისევ საპარტნიორო ფონდთან ერთად განვახორციელებთ.

– 8-წლიანი მუშაობის გათვალისწინებით რა პროექტით ამაყობთ ყველაზე მეტად?

– რა თქმა უნდა, ძალიან ვამაყობთ, რომ ჩვენი კომპანია ერთპიროვნულად ლიდერობს საექსპორტო მიმართულებით, თუმცა ჩემთვის ყველა პროექტი ერთნაირად მნიშვნელოვანია მისი მოცულობის და მასშტაბების მიუხედავად.

– რას თვლით პირადად თქვენს გამოწვევად?

– მართალია, ვერსად გავექცევით ყოველდღიურ რუტინას, მაგრამ მაინც საჭიროა სამომავლოდ ფიქრი და გრანდიოზული გეგმების დასახვა.

– როგორ შეიქმნა კომპანიის გუნდი და რამდენად რთულია გამოცდილი პროფესიონალების მოძიება?

– გუნდი ეტაპობრივად შეიქმნა, თუმცა დღეს 200-მდე თანამშრომელი გვყავს მარტო საქართველოში. ვფიქრობ, კარგი გუნდის შესაქმნელად ყველა თანამშრომელთან ინდივიდუალური მიდგომის შერჩევაა საჭირო. მართალია, ბევრს საერთოდ არ ჰქონდა მუშაობის გამოცდილება, მაგრამ სწორედ მათი ნიჭის, შესაძლებლობების გათვალისწინებით შევურჩიეთ საქმე და ამგვარმა მიდგომამ მართლაც გაამართლა.

– რა თვისებას აფასებთ თანამშრომელში ყველაზე მეტად?

– პატიოსნებას და დისციპლინირებულობას.

– რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ხელმძღვანელს და რა უნარს აფასებთ საკუთარ თავში?

– მთავარია იყო ლიდერი და არა ბოსი, რაც ბევრს ერევა და სწორედ ეს აყენებს ბიზნესს ზიანს. ვფიქრობ, ერთპიროვნულად მართვას, ისევ ძლიერი გუნდის თავმოყრა და მათი ხელმძღვანელობა ჯობია, რადგან ასე უფრო მომგებიანია მუშაობა.

– რა გეხმარებათ სირთულეების დაძლევაში?

– საკუთარ თავს ვუმეორებ “გამარჯვება ან სიკვდილი!” სინამდვილეში მთავარი რწმენაა, რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარება შეიძლება სწორი გზის მოძიების შემთხვევაში.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ყოველთვის ძალიან სწრაფად.

ბლიცკითხვები:

– თქვენი კომპანიის სლოგანი?

– “ჩვენ გვენდობიან!”

– როგორ ისვენებთ გადატვირთული დღის შემდეგ?

– სახლისკენ გზაზე რადიო “ფორტუნას” ვუსმენ.

– ხართ თუ არა გურმანი და რა კერძს ამზადებთ თვითონ?

– გურმანი ნამდვილად ვარ, ძალიან მიყვარს თევზი, თუმცა კერძების მომზადება ნაკლებად მეხერხება.

– ვის თვლით საუკეთესო მრჩევლად?

– დედას.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, მთავარი დისციპლინირებულობა და პატიოსნად მუშაობაა, რადგან სხვა უნარების შეძენა ეტაპობრივადაც შეიძლება. ყველა უშვებს შეცდომას, თუმცა ყოველთვის შეიძლება ცოდნის, გამოცდილების შეძენა და შეცდომების გამოსწორება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები