14 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ექს-პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი სტუმრობდა, რომელმაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
– ქალბატონო ნინო, ყველას ძალიან კარგად გვახსოვს თქვენი მმართველობის პერიოდი სავაჭრო-სამრეწველო პალატაში და მის განმავლობაში განხორციელებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები. რა არის თქვენი მთავარი მოტივატორი ახალ სამუშაო ლოკაციაზე?
– ინტელექტუალური საკუთრება ძალიან საინტერესო და საჭირო სფეროა ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის. ეს არ არის ჩემი პირველი შეხება ამ უწყებასთან, რომელიც ისეთივე ტრადიციული ორგანიზაციაა, როგორიც სავაჭრო სამრეწველო პალატა. ორივე ორგანიზაციას ძალიან დიდი ისტორია აქვს. როგორც აღვნიშნე, ინტელექტუალური საკუთრება ბევრ რამეს განსაზღვრავს ეკონოკის განვითარების კუთხით, იქნება ეს ინოვაცია, სასაქონლე ნიშანი, გეორგრაფიული აღნიშნვნა თუ სხვა. მიხარია, რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება შემიძლია ასეთ სფეროს მოვახმარო.
– ვისაუბროთ იმ პროექტის შესახებ, რომელიც უკვე განხორციელდა თქვენი მმართველობის პერიოდში და გეამაყებათ, მით უმეტეს პანდემიის ძალიან რთული პერიოდის ფონზე. საინტერესოა, როგორ ართმევთ თავს პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს?
– ნამდვილად საკმაოდ რთული პერიოდი დაგვემთხვა, რომლის გადატანაც ყველას მოგვიწია. როგორც მოგეხსენებათ, მე ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის თავმჯდომარის მოადგილე ვარ. ჩამბარდა საერთაშორისო ურთიერთობები, საერთშორისო მიმართულება, რაც საკმაოდ ახლოსაა ჩემს გამოცდილებასთან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი არის ერთ-ერთი იმ უწყებებს შორის, რომლებსაც ერთი დღეც არ შეუჩერებიათ მუშაობა. პანდემიის პერიოდში ჩვენ დისტანციურ რეჟიმზე გადავედით, რათა ხელი არ შეშლოდა ბიზნესს, ასევე მომხმარებლებს და გამომგონებლებს. ამ ეტაპზე ხორციელდება მთელი რიგი საინტერესო პროექტები. მათ შორის გამორჩეულია საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი პროექტი, რომელიც იანვრიდან უწყვეტად ხორციელდება. ყველა ის აქტივობა, რომელიც იყო დაგეგმილი, ხორციელდება გეგმის მიხედვით.
– მინდა გავიხსენოთ თქვენი სავაჭრო პალატის პრეზიდენტობის პერიოდი. საინტერესოა თქვენი აზრი მომავალზე. მაინც, როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეკონომიკური მდგომარეობა? პანდემიამ ეს პრობლემაც მოუტანა მსოფლიოს. ვისაუბროთ ინვესტიციების შემოდინების შესახებაც…
– პანდემიის გამო მსოფლიო ეკონომიკას ძალიან რთული დრო დაუდგა, მათ შორის ყველაზე ძლიერ ეკონომიკებსაც. დღესდღეობით უამრავი გამოწვევა და პრობლემაა ეკონომიკის მიმართულებით. ამ შემთხვევასი ალბათ სამედიცინო და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალი ერთი და იგივეა. უნდა ვისწავლოთ კოვიდთან ერთად, მის ფონზე ცხოვრება. არსებული ვითარებიდან სწორედ ესაა გამოსავალი.
ინვესტიციების კუთხით რთული ვითარებაა არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოში. თუმცა ვფიქრობ, რომ თუ შევძლებთ დაავადებასთან ერთად ცხოვრებას, არა მხოლდო ჩვენ, არამედ მთელი მსოფლიოც გადალახავს ამ პრობლემას ნელ-ნელა.
– მე პირადად კარგად მახსოვს ქალების მხარდაჭერის პროექტები თქვენს კარიერაში, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა. საინტერესოა, დღეს თუ ახერხებთ მსგავს პროექტებში მონაწილეობას?
– ქალების მხარდაჭერის პროექტები ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო იყო, მათ შორის გამოვარჩევდი მეწარმე ქალთა ფორუმს, რომელსაც სიმბოლურად ქალთა საერთაშორისო დღეს ვმართავდით. ამ ეტაპზე ასე კონკრეტულად ქალთა მიმართულებით არ გვაქვს პროექტი, თუმცა მომავალში აუცილებლად დავგეგმავთ.
– ამ ეტაპზე რა არის თქვენი სამუშაო არეალი და სამომავლო მიზანი პროექტების კუთხით?
– როგორც გითხარით, დღესდღეობით საერთაშორისო მიმართულებას ვკურირებ და ინტელექტუალური საკუთრების განვითარების ევროკავშირის პრაქტიკასთან დაახლოების მიმართულებით ბევრს ვმუშაობთ, ასევე განათლების კუთხითაც. ვფიქრობ, ეს ძალიან წაადგება ინტელექტუალური საკუთრების განვითარებას საქართველოში.
– ჩვენი მომდევნო ბლოკი ბიზნეს-ეტიკეტს ეთმობა და მინდა გკითხოთ როგორია ძლიერი, გაწონასწორებული საქმიანი ქალის ურთიერთობა თანამშრომლებთან? რა არის პრინციპი, რომელსაც არასდროს არღვევთ? რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური პრინციპით მუშაობა და გადაწყვეტილებების უშუალოდ მიღება?
– წარმატების ფორმულაში გუნდი მთავარია. რაც არ უნდა ძლიერი, განათლებული და გამოცდილი იყო, მარტო ვერაფერს გააკეთებ. წინა გუნდში ძალიან გამიმართლა და ზოგადად, ალბათ ამ მხრივ ყოველთვის მიმართლებდა. ჩემი აზრით, მთავარი ის არის, რომ ადამიანი ყოველთვის უნდა გრძნობდეს შენს მხარდაჭერას და ნდობას. მიუხედავად იმისა, რომ შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, თანამშრომელი უნდა გრძნობდეს, რომ ხელმძღვანელის იმედი შეიძლება ჰქონდეს. ასევე ვიტყოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია შრომის სათანადოდ დაფასება. ეს ალბათ ყველა ადამიანის შემთხვევაში ასეა.
– რამდენად მნიშვნელოვანია მოტივაცია?
– ძალაინ მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ყოველთვის არ არის ფინანსური მოტივაცია. სამსახური ის ადგილია, სადაც უმეტეს დროს ვატარებთ და როცა სამსახურში მოსვლა გიხარია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მთავარია სწორად იპოვო შენი ადგილი და აკეთო საქმე, რომელიც გიყვარს. ჩემი აზრით ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია წარმატების მისაღწევად.
– თუ გაქვთ რაიმე იღბლიანი აქსესუარი, თილისმა, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხართ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების დროს?
-არა, თილისმა არ მაქვს. რაც შეეხება აქსესუარებს, მუდმივად ვატარებ საათს და საყურეს. ტელეფონსაც, მაგრამ ტელეფონი მგონი აქსესუარებში აღარ ითვლება…
– გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებთ თუ გუნდზე ხართ ორიენტირებული? როგორ იქცევით მაშინ, როდესაც ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გაქვთ მისაღები?
– რაც უფრო გეკამათება გუნდი, უფრო სასარგებლოა. ჩემი ნება რომ იყოს, უფრო დიდ დროს დავუთმობდი განხილვას და გადაწყვეტილების მიღებამდე უფრო მეტი ადამიანის აზრს მოვისმენდი. ჩემი აზრით, ეს გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა, რადგან ერთი ადამიანი შესაძლოა ვერ ხედავდეს საკითხს ყველა კუთხიდან.
– რა არის მთავარი, რასაც საქმიან შეხვედრაზე ყურადღებას აქცევთ? რამ შეიძლება შეგაწყვეტინოთ ან გაგარძელებინოთ მოლაპარაკების პროცესი? როგორი უნდა იყოს პარტნიორი?
– პარტნიორი უნდა იყოს დაინტერესებული და შეეძლოს მოსმენა, ის ჩართული უნდა იყოს შეხვედრაში. არ მიყვარს, როდესაც საქმიანი შეხვედრა ტელეფონის თანხლებით ტარდება. ამ დროს პირდაპირი კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ვცდილობ შეხვედრაზე ტელეფონი არ შევიტანო.
– სწრაფი გადაწყვეტილება თუ დინჯი და გააზრებული?
– როგორც გითხარით, მირჩევნია ფიქრისთვის ბევრი დრო მქონდეს.
– რა პრინციპით ირჩევთ სამოსს და რა სტილის ტანსაცმელში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?
– ჩემი აზრით, დილას როგორ ხასიათზეც გაიღვიძებ, შესაბამისად უნდა ჩაიცვა, ამიტომ შეიძლება ნებისმიერი სტილის ტანსაცმელი იყოს კომფორტული.
– ბევრი სამაგიდო წიგნი გაქვთ?
-ერთი კონკრეტული წიგნი არ მაქვს, თუმცა კითხვა ბავშვობიდან მიყვარს. ვინაიდან ბიზნეს-ლიტერატურის კითხვა ყოველდღიურად მიწევს, ზაფხულობით მხატვრულ ნაწარმოებებს ვკითხულობ.
– რომელია თქვენთვის საუკეთესო განტვირთვის ადგილი?
– სახლი. ძალიან მიყვარს სტუმრები.
– საჩუქარი, რომელიც ყოველთვის გახარებთ…
– ალბათ მაინც უფრო ტკბილეული და სამკაული.
– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობთ დღის განმავლობაში..
– ალბათ, გამარჯობა.
– რას იტყვით სამსახურის შეთავსებაზე ოჯახსა და მეგობრებთან, ეს თქვენთვის ადვილია, საშუალოდ რთული თუ რთული?
– რთული ნამდვილად არ არის. ზოგადად მიმაჩნია, რომ ოჯახის წევრებთან და თუნდაც შვილებთან ურთიერთობა დროის ხანგრძლივობით კი არა, ხარისხით განისაზღვრება.
– სამზარეულოსთვის დრო გრჩებათ?
– დიახ და ეს ძალიან მსიამოვნებს, კულინარია ჩემი ერთ-ერთი ჰობია, ძალიან მიყვარს კერძების მზადება.
– იგონებთ კერძებს? გაქვთ თქვენი რეცეპტები?
– დიახ და მინდა კიდევ უფრო ავიმაღლო კვალიფიკაცია.
– რას გააკეთებთ სტუდიიდან გასვლისთანავე?
– სახლში, ბავშვებთან წავალ.
– თქვენთვის იდეალური მეგობარი როგორია?
– მეგობრებშიც ძალიან გამიმართლა. ჩემი აზრით იდეალური მეგობარი ისაა, ვინც გიღებს ისეთს, როგორიც შენ ხარ და ვიზეც იცი, რომ ყოველთვის დაგიჭერს მხარს და გაუხარდება შენი კარგი.
– სპორტული აქტივობა, რომელსაც ახერხებთ?
– სამწუხაროდ მხოლოდ ცურვა, თუმცა მინდა გარკვეული ექსპერიმენტების ჩატარება ცხენოსნობასთან დაკავშირებით.
– აზრი, რომელიც ახლა გებადებათ…
– ძალიან დიდი მადლობა, ძალიან სასიამოვნო საღამოა…
– რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს დღეს აქ, ამ სკამზე?
– ძალიან კომფორტულად
– გადაცემის სახელი, რომელსაც სტუმრობთ?
– „წარმატების ფორმულა“
– რომელი იყო პირველი სფერო, რომელშიც მოღვაწეობდით?
– სამედიცინო სფერო. პირველი სამსახურიც ამ სფეროში მქონდა, ეს იყო ბავშვთა კვების კომპანია „ჰიპი“.
– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა? რას გვირჩევთ, როგორ მივაღწიოთ წარმატებას?
– ჩემი აზრით, მთავარია შრომისმოყვარეობა. უნდა გიყვარდეს საქმის კეთება და თვითონ ეს საქმე, რომლესაც აკეთებ. თუმცა მგონია, რომ შრომისმოყვარეობა გადამწყვეტია.
გადაცემის აუდიოჩანაწერი