LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა ახალ რეგულაციებს აწესებს – კვების ობიექტები და სილამაზის სალონები სანიტარულ შემოწმებას დაექვემდებარებიან

138

მთავრობა ბიზნესს ახალ რეგულაციებს უწესებს. საჯარო რეესტრს ახალი სახეობა – ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრი ემატება.

კანონპროეტის მიხედვით, ცვლილებები კვებასთან და კოსმეტიკასთან დაკავშირებულ საქმიანობას, სილამაზის და ტატუ სალონებს და მსგავს ობიექტებს შეეხება. ისინი სანიტარული და ინფექციური კუთხით შემოწმებას დაექვემდებარებიან.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, ეს ცვლილებები იმ ვალდებულებებით არის განპირობებული, რომელიც საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან და DCFTA-დან გამომდინარე აიღო და ამ ცვლილებებით, მეწარმე სუბიექტებს არანაირი ტვირთი არ ეკისრებათ. უფასო იქნება ეკონომიკური საქმიანობის რეგისტრაციაც.

საქმიანობის რეესტრში რეგისტრაცია ნებაყოფლობითი იქნება, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. სავალდებულო რეგისტრაცია კი 3 საქმიანობას შეეხება, ესენია: ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა უკავშირდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატის, პესტიციდის, აგროქიმიკატის წარმოებას, გადამუშავებას, დისტრიბუციას, აგრეთვე ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში მომსახურებას.

ასევე, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირი, ინდივიდუალური მეწარმე ან უცხო ქვეყნის საწარმო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის საქმიანობის რეგისტრაცია და ყველა ის პირი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებაში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განხორციელებასთან.

ცვლილებით განისაზღვრება სხვადასხვა პასუხისმგებლობის ზომა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე და სხვა ბიზნეს ოპერატორებისათვის. ინდმეწარმეებზე და მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გავრცელდება სახელმწიფო კონტროლი, რისგანაც, მოქმედი კანონმდებლობით ისინი 2020 წლამდე იყვნენ განთავისუფლებული.

კანონმდებლები და ინიციატორები სხდომაზე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა, საკითხი დამატებით შესწავლას და განხილვას საჭიროებს, რისთვისაც დამატებით სამუშაო შეხვედრა უნდა გაიმართოს.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა.

mazda magti 5g