დღეს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი – შპს „გაზპრომ ექსპორტის“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მომზადებული „საქართველოს ტერიტორიის გავლით ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მოცულობების და პირობების შესახებ“ 2003 წლის 30 მაისს გაფორმებული №2107-12/03-05 ხელშეკრულების დამატების №22 პროექტი.
დოკუმენტის თანახმად, ძალაში რჩება კონტრაქტის ძველი პირობები, რომლის მიხედვითაც, საქართველოს, სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ, გატარებული ბუნებრივი აირის 10 პროცენტს მიიღებს.
აღნიშნული პირობებით, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულების ოფიციალურად ძალაში შესასვლელად, მხარეებმა, შპს „გაზპრომ ექსპორტმა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ხელი უნდა მოაწერონ საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მოწონებულ პროექტს.
რუსული ენერგოკომპანია ქართულ მხარეს კონტრაქტის გადახედვას და ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას სთავაზობდა.