„ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და 2016-2020 წლების სამოქმედო გეგმა“ მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა.
როგორც გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა „ფორტუნას“ განუცხადა, ეს გულისხმობს ნარჩენების მართვის სისტემას, რომელიც „ნარჩენების მართვის კოდექსიდან“ და ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებიდან გამომდინარეობდა.
„აქ ლაპარაკია როგორც სტრატეგიაზე, ასევე ტექნიკურ რეგლამენტზე. შეიძლება წარმოვიდგინოთ დაახლოებით ასე, რომ ჩვენ გვეცოდენება, სად წარმოიქმნება ნარჩენები და სად მიდის ეს ნარჩენები. დღეს ამ თვალსაზრისით გვაქვს სტიქიური სურათი, ხოლო მომავლისთვის გვექნება ერთგვარი ბაზა, ნებისმიერი ნარჩენის წარმოიქმნისა, შემდეგომში მისი გადამუშავებისა, რეციკლირებისა“ – განუცხადა „ფორტუნას“ აგულაშვილმა.
მისივე განმარტებით, ნარჩენები დაყოფილია კატეგორიების მიხედვით – ჩვეულებრივ ნარჩენად და სპეციფიკურ ნარჩენად. თითოეულს კი განსაზღვრული აქვს ცალკე რეჟიმი.
„ამავე დროს შემოვა ახალი ცოდნა, უნარები, ახალი ტექნიკური შესაძლებლობები და ახალი პროფესიებიც კი. ანუ აქაც ჩნდება შესაძლებლობა ახალი სამუშაო ადგილების შექმნის. შემიძლია გითხრათ რომ სტრატეგია ნარჩენებს განიხილავს, როგროც რესურსს. რესურსის რეციკლირების და გადამუშავების შემთხვევაში, დიდი ალბათობაა იმის, რომ ეს ნარჩენები შემოსავლის წყაროდ ვაქციოთ“ – აღნიშნა აგულაშვილმა.