სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი არ შეიქმნება – სახელმწიფო მინისტრს ორგანიზაციულ, მატერიალურ და ტექნიკურ მხარდაჭერას მთავრობის ადმინისტრაცია გაუწევს, – ეს განმარტება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა გააკეთა, რომელმაც აღნიშნული პოსტის შემოღების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ცვლილებები წარადგინა.
როგორც ბაჩიაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეფექტური და მოქნილია და სახელმწიფო მინისტრს შესაძლებლობა აქვს დაკისრებული ფუნქცია აპარატის გარეშეც შეასრულოს.
„მთავრობის ადმინისტრაციის აპარატი დაკომპლექტებულია ღირსეული და პროფესიონალი კადრებით, რომელიც უწევს მხარდაჭერას პრემიერ-მინისტრს. აღნიშნული აპარატი იგივე შემართებითა და პროფესიონალიზმით გაუწევს მხარდაჭერას და ხელშეწყობას ფუნქციონირების განხორციელებაში სახელმწიფო მინისტრს.
სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები მთავრობის დადგენილებაში დაზუსტდება, სადაც მისი რუტინული თუ სტრატეგიული უფლებამოსილებები გაიწერება“, – განაცხადა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციითვე, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებები თავდაცვის უწყებაზე არ გავრცელდება.
“თავდაცვის ძალებთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო, რომ ეს მსჯელობის საგანი იყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა მაინც პოლიტიკური თანამდებობაა, ამან გარკვეული თვალსაზრისით თუნდაც შეკითხვები რომ არ გამოიწვიოს, ამ ეტაპზე სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებებში თავდაცვის სტრუქტურის კოორდინაცია არ იგეგმება“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
ცნობისთვის, პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე დეპუტატებმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების ინიციატივაზე იმსჯელეს.
პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონის პროექტს, რომლის საფუძველზეც საქართველოს მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღება ხდება.
