LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის სხდომაზე თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დამტკიცდა

66

თხილის ექსპორტის, იმპორტის, ხარისხის და ეტიკეტირების საკითხების დარეგულირებისს მიზნით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით შემუშავდა და მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ თხილზე მოთხოვნა მზარდია.

„ქართული თხილის დიდი საექსპორტო პოტენციალის გათვალისწინებით, ჩვენ ამ პროდუქტის წარმოების პერსპექტივა გვაქვს. 2014-15 წლებში, ევროკავშირში ქართული თხილის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 184  მილიონი აშშ დოლარი  შეადგინა, რაც   მთლიანი აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო მაჩვენებლის თითქმის 30% -ია. თხილის წარმოება აგრარული სექტორის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება გახდა. სწორედ ამიტომ შემუშავდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი და სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მეთხილეობის დარგის განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, თხილის რეგლამენტი აბსოლუტურ შესაბამისობაშია საერთაშორისო მარკეტინგულ სტანდარტებთან. რეგლამენტის შესაბამისად, მკაცრად გაკონტროლდება თხილის ხარისხი, რაც გულისხმობს ლაბორატორიულ შემოწმებას, ასევე შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების წესების დაცვის კონტროლს. თხილის შემოწმება-ინსპექტირებას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თხილის რეგლამენტი ხელს შეუწყობს საქართველოში მეთხილეობის დარგის განვითარებას, საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი ხარისხის თხილის რეალიზაციას და ქართული წარმოების პროდუქციის მაღალი სტანდარტის შესაბამისობის იმიჯის დაცვას.

საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი საჯარო განხილვისთვის განთავსებული იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. გარდა ამისა, მოხდა შეხვედრები ბიზნესსექტორის და  მეთხილეთა ასოციაციის წარმომადგენლებთან. პროექტი წარდგენილი იყო საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინიციატივით გამართულ   სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე. საერთო განხილვების დროს გამოთქმული გარკვეული მოსაზრებები გათვალისწინებულია დოკუმენტში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g