მომღერალი ნინი ბადურაშვილი პოდკასტ „Beauty Talks-ში“ სილამაზის საზოგადოებრივ სტანდარტებზე, ასაკის მატებასთან დაკავშირებულ გარეგნულ ცვლილებებსა და ქალების მიმართ არსებულ მოლოდინებზე საუბრობს.
მომღერლის თქმით, წლების მატებასთან ერთად ადამიანის გარეგნობა ბუნებრივად იცვლება, თუმცა საზოგადოებაში კვლავ არსებობს შეხედულება, თითქოს ქალმა ასაკის მიუხედავად ახალგაზრდული იერი უნდა შეინარჩუნოს. ბადურაშვილი იხსენებს შემთხვევას, როდესაც მისი გარეგნობა განხილვის საგანი გახდა და მის სხეულზე კომენტარებიც გააკეთეს.
„ერთ-ერთმა მეგობარმა მითხრა, ასე უთქვამთო: ერთ-ერთ შოუში ფეხი ფეხზე მქონდა გადადებული, დამინახეს და შემდეგ მთელი სამეგობრო ჩემს გარეგნობას არჩევდა – როგორი თხელია ნინი, მაგრამ იმასაც ჰქონია ცელულიტიო. ასევე გამიგია კომენტარები, რომ ასაკი დამეტყო, ნაოჭები მაქვს და ძალიან გავხდი.
ბუნებრივია, 40 წლის ასაკში ვერ ვიქნები ისეთი, როგორიც 20 წლის ვიყავი. მინდა, გამოვეხმაურო იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ: ადრე რა ლამაზი იყო, ახლა კი უკვე აღარ ჰქვია ლამაზი, უბრალოდ კარგი გოგოაო.
მე არ მაქვს პრეტენზია სილამაზეზე, თუმცა მინდა, ერთი რამ აგიხსნათ: ცხიმოვანი განაწილება სახეზე აბსოლუტურად განსხვავებულია. ისეთი სახე, როგორიც გახსოვდათ, მაშინ მეტი ცხიმი მქონდა და სახეზეც ცხიმოვანი განაწილება სხვანაირი იყო.“ – ამბობს მომღერალი.
ნინი ბადურაშვილის თქმით, ასაკის მატებასთან ერთად გარეგნობის ცვლილება ბუნებრივი პროცესია. მისი კომენტარი კიდევ ერთხელ აჩენს კითხვას, რატომ ექცევა ქალების გარეგნობასა და ასაკს საზოგადოებაში ამდენი ყურადღება და რატომ ფასდება მათი სილამაზე ხშირად ახალგაზრდობის კრიტერიუმებით.
