მცხეთის რაიონულ სასამართლოში ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მისი მეგობარი, ე.წ. ოქროს მოწმე გურამ ამირხანაშვილი დაიკითხება.
საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატი მურმან ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ჩვენება სანდო არ იქნება.
ადვოკატი განმარტავს, გურამ ამირხანაშვილის ჩვენება პროკურატურის პოზიციას შეესაბამება.
„შემიძლია დაგარწმუნოთ იმაში, რომ წინა მოწმის მსგავსად, ესეც აბსურდულ ჩვენებას მისცემს სასამართლოს. მთელმა საქართველომ იცის, რომ მისი ჩვენება არ არის სანდო. მან ჩვენება შეცვალა მაშინ, როდესაც პროკურატურამ გადაწყვიტა ახალი ვერსიის წამოყენება. მისი ჩვენება შეესაბამება პროკურატურის პოზიციას, შესაბამისად, ეს არ არის მოწმის ჩვენება, ეს არის პროკურატურის ჩვენება.
ის ვერ დაადასტურებს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტს, ვინაიდან “ტოიოტაში” 6 ადამიანი იმყოფებოდა და ექვსივე იდენტურ ჩვენებას აძლევს, ეს მოწმე კი არ არის სანდო”, – განაცხადა მურმან ნიკოლეიშვილმა.
განსხვავებულს აცხადებს შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების საქმის პროკურორი ნანა გუგუტიშვილი, მისი თქმით, გურამ ამირხანაშვილი სანდო მოწმეა.
“მოლოდინი გვაქვს, რომ გურამ ამირხანაშვილი სასამართლოში დაადასტურებს იმ ინფორმაციას, რაც გამოძიების ეტაპზე აქვს მიცემული. მას ყველა იმ კითხვას დავუსვამთ, რაც მისი ჩვენებებიდან გამომდინარეობს, რაც ბრალდების მხარისთვის საინტერესოა. აღნიშნული მოწმე სანდოა. მოწმეს დაზუსტებული აქვს გარკვეული გარემოებები და ჩვენ შეკითხვები გვექნება ამ დაზუსტებულ გარემოებებთან დაკავშირებით”, – აცხადებს გუგუტიშვილი.
კითხვაზე, იცავს თუ არა გურამ ამირხანაშვილს სახელმწიფო დაცვა, პროკურორი ამბობს, რომ “ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა”.
