„ქართული ოცნების“ წევრი ბეჟან წაქაძე რუსეთთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „მტერსაც უნდა ვესაუბროთ“.
უმრავლესობის დეპუტატმა ამის შესახებ პრორუსული პარტიის, „ალტ ინფოს“ რუსეთში ვიზიტებზე საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ საუბარი მნიშვნელოვანია, რადგან ის საქართველოს მეზობელია და, ასე თუ ისე, ერთმანეთთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს:
„მტერსაც უნდა ვესაუბროთ, თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენთვის დადებითი შედეგი მივიღოთ.
ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ ქვეყანას უნდა ვესაუბროთ, ახლა, დღეს არის თუ არა ამის დრო – ეს მე მგონი დღეს არ არის, მაგრამ იქნება ხვალ, ან ზეგ და ალბათ დადგება დრო, უნდა დაველაპარაკოთ, იმიტომ რომ მეზობელია და ასე თუ ისე ერთმანეთთან ურთიერთობა უნდა დალაგდეს“, – აცხადებს წაქაძე.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა პირობები უნდა შესრულდეს, რომ ეს დრო დადგეს, დეპუტატი ამბობს:
„რა პირობები უნდა შესრულდეს – მათ უნდა აღიარონ საქართველოს დამოუკიდებლობა, ერთიანი ტერიტორია და ჩემი აზრით, მერე იქნება საუბარი უფრო უპრიანი, მაგრამ მანამდეც უნდა დაველაპარაკოთ, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ“, – აღნიშნა მან.