LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მტკვარზე, თბილისის ზღვასა და სხვა შიდა სახმელეთო წყლებზე მცურავი საშუალებებისთვის ახალი კანონი შეიქმნება 

117
მტკვარი

ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებით, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის მიღების მიზანია შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროს რეგულირებისათვის საკანონმდებლო ბაზის შექმნა, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ქვეყნის ერთიან სატრანსპორტო სისტემაში მოქცევისა და საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველზე, 2025 წლის 1-ელ იანვრამდე საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების, მათ შორის, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ტექნიკური ზედამხედველობის, რეგისტრაციის, ინსპექტირებისა და ექსპლუატაციის წესების შემუშავება და დამტკიცება მოხდება.

„შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი (მაგალითად, მტკვარზე, თბილისის ზღვასა და ა.შ. მცურავი საშუალებები), დღევანდელი კანონმდებლობით, რეგულირების სფეროში არ ექცევა, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს ინიცირებული კანონპროექტით, ისინი კანონით განსაზღვრულ ზედამხედველობას დაექვემდებარებიან, რაც ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია.

საერთაშორისო პრაქტიკით, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი რეგულირებად სფეროს წარმოადგენს და მიზანშეწონილია, საქართველოს კანონმდებლობაშიც არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტს ქვეყნის ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ნაწილად და სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის შექმნის სამართლებრივ საფუძველს აქცევს. შესაბამისად, პროექტის მიზანია, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ტექნიკურ მარეგულირებელი ორგანოდ სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განისაზღვრება, ხოლო შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ფუნქცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში არსებულ სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს დაემატება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g