LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში მესამე კვარტალის მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე დავიდა – ეკონომიკის მინისტრი

81
ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში მესამე კვარტალის მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზეა – 15.6%.

„საქსტატმა ძალიან საყურადღებო მონაცემები გამოაქვეყნა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეკონომიკის დადებითი ტენდენციები აისახა დასაქმებაზე, საქართველოში მესამე კვარტალის მონაცემების მიხედვით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმზე დავიდა – 15.6%.

ეს არის ოფიციალური მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს უმუშევრობასთან დაკავშირებით. ეს უკეთესი მონაცემებია ვიდრე პანდემიამდე გვქონდა მესამე კვარტალში. დასაქმებულთა რაოდენობა, წლიურად მნიშვნელოვნად 77.5 ათასი ადამიანით გაიზარდა, ხოლო პანდემიამდე, 2019 წლის მესამე კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით – 47.4 ათასი ადამიანით. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ეკონომიკის მაღალი ზრდა აისახება მათ შორის დასაქმებაზე, რაც ჩვენთვის მთავარი ამოცანაა, რომ ინკლუზიურად სარგებელი მიიღოს უფრო მეტმა ჩვენმა მოქალაქემ“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს უნდა გვქონდეს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, ეს არის ჩვენი პარტნიორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი და პროგნოზი საკმაოდ დამაიმედებელია შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში. 2022-2027 წლებში, შემდეგი 5 წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა ჰქონდეს, უნდა ჰქონდეს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ევროპაში 5.8%“, – განაცხადა მინისტრმა.