წლევანდელი MTV Video Music Awards-ის ,,ჰოსთი”, LL Cool J იქნება. აღსანიშნავია, რომ საკულტო რეპერი MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებას სოლო რანგში, პირველად გაუძღვება. 2022 წელს ის ნიკი მინაჟისა და ჯეკ ჰარლოუს თანხლებით, შოუს თანაწამყვანად მოგვევლინა.
ლეგენდარული ჰიპ ჰოპ არტისტის დებიუტი VMAs-ზე პერფორმერისა და ნომინანტის სახით, 1991 წელს შედგა. სწორედ ამავე წელს მიიღო მან დაჯილდოების პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი ჯილდო.
ამასთან, ელ ელ ქულ ჯეი პირველი რეპერია, რომელსაც 1997 წელს სპეციალური პრემია – ,,მაიკლ ჯექსონის სახელობის ვიდეო ავანგარდის ჯილდო” მიენიჭა.
ცნობისთვის, LL Cool J წლევანდელი დაჯილდოების ნომინანტიცაა. ემინემთან დუოს – Murdergram Deux კლიპისთვის ის ,,საუკეთესო ჰიპ ჰოპის” ნომინაციაშია წარდგენილი. ტრეკი ჯეის მეთოთხმეტე სტუდიურ ალბომში – The FORCE შედის – დისკში, რომელიც მან 11 წლიანი პაუზის შემდეგ, შარშან გამოუშვა.
შეგახსენებთ, რომ 41-ე MTV Video Music Awards 7 სექტემბერს, ნიუ-იორკში გაიმართება. დაჯილდოების ტოპ ნომინანტი – ლედი გაგაა.