მისტიკა თუ დამთხვევა – გადის წლები და ეს ფაქტი ჯერ კიდევ ამოუხსნელად რჩება. ეპოქა, რომელშიც ეპოქა იქმნებოდა… ეპოქა, რომელშიც შექმნილმა მუსიკამ უსაზღვრო გავლენა მოახდინა სრულიად მუსიკალურ ინდუსტრიაზე.
…და მაინც, რა აერთიანებს ამ 7 არტისტს, გარდა საკრალური ასაკისა „27“ და ეპოქალური მუსიკისა. სექსი, როკ-ენ-როლი და ნარკოტიკები, ბოჰემური ცხოვრება, ზღვარგადასული სიამოვნება და თაყვანისცემის ფანატიკურ ობიექტად ქცევა. ამ ყველაფერს 27 წელი ასრულებს…
რობერტ ჯონსონი, ბრაიან ჯონსი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯიმ მორისონი, ჯენის ჯოპლინი, კურტ კობეინი, ემი უაინჰაუსი – მისტიკური კლუბის, მისტიკური წევრები.
მუსიკოსები, რომლებმაც შექმნეს ეპოქა
7. რობერტ ჯონსონი
მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბლუზმენი. ის იყო მოხეტიალე შემსრულებელი და ძირითადად ქუჩების კუთხეებში უკრავდა.
რობერტ ჯონსონმა და მისმა სტილმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა როკ-მუსიკოსებზე. ერიკ კლეპტონი მას მოიხსენიებდა, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ბლუზ შემსრულებელს. რობერტ პლანტმა კი თქვა: „არასოდეს მომისმენია ასეთი დამატყვევებელი მუსიკა“. Rolling Stone-ის მიხედვით რობერტ ჯონსონს „მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო გიტარისტთა სიაში,“ მე-5 ადგილი უჭირავს.
მუსიკოსი 1938 გარდაიცვალა, სიკვდილის მიზეზის ოფიციალური ვერსია მკვლელობაა, იგი საყვარლის მეუღლემ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მეორე ვერსიის თანახმად კი ის სტრიქნინით მოიწამლა.
„გჯეროდეთ საკუთარი თავის და იმის, რომ მიზანს მიაღწევთ, წარმოიდგინეთ გამარჯვება და მიზანსაც ამ გამარჯვების ხელმეორედ განცდის სურვილით მიაღწევთ“
6. ბრაიან ჯონსი
მუსიკით ფანატიკურად გატაცებულმა მულტიინსტრუმენტალისტმა 1962 წელს თავის ჯგუფი ჩამოაყალიბა. ბრაიან ჯონსმა ჯგუფში იან სტიუარტი და მიკ ჯაგერი მოიწვია. ჯაგერმა მეგობარი კიტ რიჩარდსი მიიყვანა და ასე შეიქმნა ლეგენდარული მუსიკალური კოლექტივი The Rolling Stones. არტისტი 1968 წელს გარდაიცვალა. სიკვდილის ერთ-ერთი მიზეზი საკუთარ აუზში დახრჩობაა, მეორე ვერსიით კი იგი მოკლეს.
„ის რაც საკუთარ დაბადების დღეზე უნდა გახსოვდეს – დაივიწყეთ წარსული, მას ვერ შეცვლით“
5. ჯიმი ჰენდრიქსი
მუსიკოსი, რომელიც როკ-მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და უდიდეს გიტარისტად არის აღიარებული. მსოფლიო აღიარება 1967 წელს, მონტერეის პოპ ფესტივალზე მოიპოვა. არტისტი 1970 წელს გარდაიცვალა, სიკვდილის მიზეზად ალკოჰოლის გადაჭარბებული დოზის მიღება სახელდება.
„მუსიკა, ეს მორალური კანონია. ის სამყაროს სულს აძლევს, ცნობიერებას კი ფრთებს, მუსიკა, ეს თავისუფალი ფრენაა წარმოსახვისკენ“
https://www.youtube.com/watch?v=fe82eYRjiBU
4. ჯენის ჯოპლინი
ბლუზით შთაგონებული მომღერალი და კომპოზიტორი. ის 1960-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან როკ-მომღერლად არის აღიარებული. მის ვოკალს აფროამერიკულს ადარებდნენ და „ორსახოვან ქალღმერთს“ უწოდებდნენ. არტისტი 1970 წელს, ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით გარდაიცვალა.
„სცენაზე მე სასიყვარულო კავშირს ათასობით ადამიანთან ვამყარებ, სახლში კი მარტო მივდივარ“
3. ჯიმ მორისონი
ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და პოეტი, როკ-ჯგუფ The Doors-ის წამყვანი ვოკალისტი, ერთ-ერთი ყველაზე არაადეკვატური, არაპროგნოზირებადი და შეშლილი მუსიკოსი როკ-ინდუსტრიის ისტორიაში. მორისონი როკ-მუსიკაში ყველა დროის ერთ-ერთ აღსანიშნავ და გავლენიან ლიდერად არის აღიარებული. გარდაიცვალა 1971 წელს, ნარკოტიკების გადაჭარბების გამო, თუმცა მეორე ვერსია, თვითმკვლელობაა.
„დანებდით თქვენს ყველაზე დიდ და ღრმა შიშს, ამის განცდის შემდეგ ის თავის ძალას დაკარგავს და თქვენ განთავისუფლდებით.“
2.კურტ კობეინი
ვოკალისტი, გიტარისტი, სიმღერების ავტორი. „Nirvana“-ს ლიდერი. მუსიკოსი მთელი თავისი ცხოვრება რთული ფსიქიკური მდგომარეობით იტანჯებოდა. მისი შემოქმედება დატვირთულია სუიციდური იდეებითა და ანარქიით.
ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ ყველა დროის საუკეთესო გიტარისტების სიაში კობეინს მეთორმეტე ადგილი უკავია. გარდაიცვალა 1994 წელს, სიკვდილის ოფიციალური მიზეზი სუიციდია.
„პანკი – ეს მუსიკალური თავისუფლებაა, ეს არის თქვა და აკეთო ის, რაც გინდა. „ნირვანა“- ეს ტკივილისგან განთავისუფლებაა.“
1.ემი უაინჰაუსი
ბრიტანელი სოულ, ჯაზ, რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი და სიმღერების ავტორი, 21-ე საუკუნის ლეგენდა. უამრავი ჯილდოს მფლობელი მუსიკოსი. გარდაიცვალა 2011 წელს, სიკვდილის მიზეზი-ალკოჰოლური მოწამვლაა.
„სიმართლის გარდა, არაფერს აქვს აზრი, ბოლოს თქვენ, არა სხვებთან, არამედ მხოლოდ საკუთარ თავთან მოგიწევთ პასუხისგება.“