გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი, ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან ერთად პროკურატურაში იმყოფება.
ოჯახის ეჭვები და მოთხოვნა უცვლელია. გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი მოკლეს და მოითხოვს მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
„ჩვენი თბილისის პროკურატურაში მოსვლის მიზეზი ის არის, რომ ბევრი საეჭვო გარემოებაა საქმის მასალებთან დაკავშირებით. ამ მედიკამენტების საკითხზე, არ იცოდნენ რა უნდა დაეწერათ და რაც დაწერეს, მაინც ყოველთვის ყველაფერი მაგათ საწინააღმდეგოდ იქნება. ძალიან აჭიანურებენ და ეს სჭირდებათ არჩევნებისთვის, რათა შემდეგ მოადუნონ ყურადღება,”, – განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ.
ოჯახის ადვოკატი კი ჩვენებებს ეცნობა და განაცხადა, რომ საქმეში ბევრი დაუზუსტებელი გარემოებაა. ის მოითხოვს ხელმეორედ დაიკითხონ პირები, რომელთა ჩვენებები საეჭვო და ზოგადია.
“ერთ-ერთი ჩვენება რომელმაც ყველაზე მეტად დამაინტერესა, ეს არის მწყემსის შვილი, რომელმაც, ვითომდა, პირველმა აღმოაჩინა ავტომობილი და პირველი შემთხვევით შეხვდა მამას, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა. რატომღაც ყველაფერი შემთხვევითობით ხდება…” – აცხადებს ადვოკატი.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5 – დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.