ხვალ MYVIDEO.GE-ს დაარსებიდან 9 წელი უსრულდება. როგორც ”ფორტუნას” MYIDEO.GE -ში განუცხადეს, დაარსების დროს ერთადერთი ქართული ვიდეოპორტალი დღესაც ინტერნეტ-სივრცის ლიდერია.
”MYVIDEO.GE არა მხოლოდ სამომხმარებლო, არამედ სარეკლამო ბაზარზეც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ინტერნეტ სივრცეში. დღევანდელი მონაცემებით, პორტალს ჰყავს 1 352 997 რეგისტრირებული მომხმარებელი, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 64 624-ით მეტია და 600-ზე მეტი რეკლამის დამკვეთი და პარტნიორი ორგანიზაცია, რომლებთანაც სტაბილურად თანამშრომლობს წლების მანძილზე,”- აღნიშნეს MYIDEO.GE-ის წარმომადგენლებმა.
კომპანიაში გასულ წელსაც აჯამებენ და აცხადებენ, რომ 2015 წელი ვიდეოპორტალისთვის წარმატებული იყო. “კომპანიის წარმომადგენლები მიწვეულნი იყვნენ – WEB SUMMIT 2015-ზე. გარდა ამისა 2015 წლიდან დაიწყო ახალი პროდუქტის, MYVIDEO TV BOX-ს გაყიდვა, რომელიც საკაბელო ტელევიზიის ალტერნატივაა,” – აღნიშნეს კომპანიაში.
MYIDEO.GE სატესტო რეჟიმში პირველად 2006 წლის 25 დეკემბერ გაეშვა. 2009 წელს MYVIDEO.GE-ს სერვისებს დაემატა ტელევიზიები LIVE რეჟიმში, 1 კვირიანი არქივითა და გადახვევის ფუნქციით. იმავე წელს, Myvideo.ge გახდა პირველი ადგილის მფლობელი ქართულ ინტერნეტსივრცეში – Top.ge-ს რეიტინგში.
”2006 წლიდან დღემდე MYVIDEO.GE-ს სერვისების ჩამონათვალი მკვეთრად გაიზარდა, დაემატა ისეთი ფუნქციები, როგორიცაა: მუსიკა, კინოთეატრი, ვიდეოს მოჭრისა და გადმოწერის ფუნქცია, LIVE სტრიმინგი (2012 წელს), ბრენდირებული არხები და პარტნიორული სისტემა, ვიდეორგოლის ვებკამერით ატვირთვა და ა.შ. გარდა ამისა, მომხმარებლებს ახლა უკვე საშუალება აქვთ უყურონ მათთვის საყვარელ, განსაკუთრებულ მომენტებს უწყვეტ რეჟიმში, ახალი სერვისის Myvideo LOOPS-ის დახმარებით”,- განუცხადეს ”ფორტუნას” კომპანიაში.