LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Myway Airlines-მა წელს, შესაძლოა, 5 ევროპული მიმართულება დაამატოს

110

ახალმა ქართულმა ავიაკომპანია Myway Airlines-მა შესაძლოა, წელს 5 ევროპული მიმართულება დაამატოს. ამის შესახებ ავიაკომპანიის კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა AviaNews-ს განუცხადა.

როგორც AviaNews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ვკითხულობთ, Myway Airlines-ი ქართულ ავიაბაზარზე საკმაოდ ამბიციური გეგმებით შემოვიდა.

”არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, თუმცა უკვე ჩამოყალიბებულნი ვართ და მოლაპარაკებებიც დაწყებულია. გამორიცხული არ არის, რომ წელს 5 ევროპული მიმართულება დავამატოთ. განვიხილავთ ასევე ორი არაევროპული მიმართულების დამატებასაც. ვფიქრობთ, წელს Myway Airlines-ი 10 მიმართულებით განახორციელებს ფრენას”, – აღნიშნა აფციაურმა.

რაც შეეხება ავიაკომპანიის მიერ განხორციელებულ ინვესტიციებს და სამომავლო გეგმებს, ავიაკომპანიის კომერციული დირექტორი ამბობს, რომ ინვესტიცია ავიაციის სფეროში ძვირადღირებული ფუფუნებაა.

”ხუმრობენ კიდეც, რომ თუ გინდათ მილიარდერი მილიონერად იქცეს ავიაკომპანია უნდა შექმნასო. მართლაც ასეა, თუ გინდა, რომ ნორმალური ავიაკომპანია შექმნა ამისათვის დიდი ფინანსებია საჭირო. კომპანია „ჰუალინგი“, რომელიც საქართველოში წლებია მრავალი მიმართულებით მუშაობს, ავიაკომპანიის შექმნაზე დიდხანს ფიქრობდა. ამ კომპანიისათვის ტრანსპორტი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. 2012-2013 წლებიდან რაც ავიაციის სექტორმა მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო, ინვესტორებმაც საქართველოში ავიაკომპანიის დაფუძნება გადაწყვიტეს, თუმცა ბაზარს 2-3 წლის განმავლობაში სწავლოდდნენ.

ის ორი ბორტი, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს და ჩვენი საკუთრებაა, მასში 50 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. დღეისათვის Myway Airlines-ში 120 ადამიანია დასაქმებული და ეს ციფრი წლის ბოლომდე კიდევ უფრო გაიზრდება, მით უმეტეს, რომ 2019 წელს კიდევ ორი ბორტის დამატებას ვაპირებთ. 5 წლის განმავლობაში ყოველ წელს ავიაპარკს მინიმუმ 2 ბორტით შევავსებთ. ჩვენი განვითარების 3 ეტაპიანი გეგმის მესამე ეტაპისთვის გვინდა გვყავდეს 10 საჰაერო ხომალდი, თუმცა მეათე ბორტი აუცილებლად იქნება Boeing 777.

Boeing 777-ით ფრენების დაწყება ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია, რადგანაც დღემდე საქართველოდან, ან საქართველოს მიმართულებით ასეთი ბორტით რეგულარული რეისი არავის განუხორციელებია. ასე რომ, Myway Airlines-ს დიდი და ამბიციური გეგმები აქვს. ამ დროისათვის ავიაკომპანია სამ რეგულარულ რეისს ახორციელებს – თბილისი-ხარკოვი-თბილისი, ბათუმი-ხარკოვი-ბათუმი და თბილისი-თელ ავივი-თბილისი. სასიხარულოა, რომ რამდენიმე კვირის უკან ევროპაში ფრენების განხორციელებისთვის შესაბამისი ლიცენზია მივიღეთ”, – დასძინა Myway Airlines-ის კომერციულმა დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები