„მზია ამაღლობელის მიმართ პატიმრობის გადაწყვეტილება დასაბუთებული არ არის იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც ესაჭიროება პატიმრობის დასაბუთებას. ამაზე მივმართეთ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ველოდებით განხილვას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
იოსელიანის თქმით, ის არ აპირებს სასამართლოს ფუნქციაში ჩარევასა და რაიმეს მითითებას, თუმცა, თვლის, რომ ამაღლობელის საქმეზე უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ.
„ქალბატონი მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული იქნა ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. ამაზე მოვამზადეთ სასამართლო მეგობრის მოსაზრება, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მივწერეთ და ვთხოვეთ, რომ უფრო მეტი დაკვირვებით შეისწავლოს მტკიცებულებები, რომლებიც წარუდგინა პროკურატურამ, რომელიც, ვთვლით, რომ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ პატიმრობა იქნას გამოყენებული მის მიმართ.
პატიმრობის გადაწყვეტილება დასაბუთებული არ არის იმ სტანდარტით, რა სტანდარტიც ესაჭიროება პატიმრობის დასაბუთებას. ამაზე მივმართეთ და ველოდებით განხილვას. საკმაოდ კარგად არის დასაბუთებული ჩვენი დოკუმენტი და ყურადღებით წაიკითხავს სასამართლო.
არავითარ შემთხვევაში არ მივცემ თავს უფლებას, რომ ჩავერიო სასამართლოს ფუნქციაში და მივუთითო რამე, მაგრამ როგორც სახალხო დამცველი, ვთვლი, რომ უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების მიღება იმ მტკიცებულებების ფარგლებში შესაძლებელია პიროვნების გათვალისწინებით, დანაშაულის გათვალისწინებით. ამ დანაშაულზეც ვიტყვი, რომ ნამდვილად არ ვამართლებ პოლიციელზე დარტყმას, მაგრამ მთლიანად ეს კონტექსტი – რა პირობებშიც მოხდა, როგორ იყო ეს ადამიანი აღელვებული, რაც იყო და როგორც იყო, ამ ყველაფრის გათვალისწინებით არ არის აუცილებლობა, რომ ყველაზე მძიმე აღკვეთის ღონისძიება იქნას გამოყენებული”, – აღნიშნა იოსელიანმა.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.
მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.