LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა

130
მზია ამაღლობელი

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა, მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა – ამის შესახებ „ბათუმელების“ რედაქტორმა, ეთერ თურაძემ ცოტა ხნის წინ, კლინიკა „ვივა მედთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ეთერ თურაძემ კლინიკასთან მზია ამაღლობელის წერილი წაიკითხა.

„ბათუმში, ოცნების ქალაქის მომხდარი ტრაგედიის, ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნის და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის.

ამ დღეებში, ექიმების დახმარებით შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს, თემურ ქათამაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის, ვთხოვ მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგების, მეგობრების და ოჯახის მიმართ, არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ, თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ“, – აღნიშნულია მზია ამაღლობელის წერილში.

ზურაბ ჩხაიძე: მივმართავ მზია ამაღლობელის კოლეგებს, თანამოაზრეებს, ოჯახის წევრებს, ადვოკატებს, დაარწმუნონ, რომ სრულად შეასრულოს ჩვენი რეკომენდაცია, რაც პირველ რიგში, ეხება საკვების მიღებას, რათა თავიდან იყოს აცილებული ლეტალური გამოსავალი

შეახსენებთ, მზია ამაღლობელი უკვე 38-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დაახლოებით ორ საათში გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

მზია ამაღლობელმა შიმშილობა 12 იანვარს დაიწყო. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივა მედში“ 4 თებერვალს, სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს.

„მზია ამაღლობელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაუშვებლად სცნო“ – ნონა ქურდოვანიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g