„მე ზუსტად ვიცი, რომ არაფერი მესაქმება რუსეთზე მეოცნებე ხალხთან, სულ რომ გარანტირებული მქონდეს მათთან ერთად ხელისუფლებაში მოსვლა,“ – ამის შესახებ „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„ბევრი შეცდომა დამიშვია, ბურჯანაძესა და ვისთან ერთად არ ვმჯდარვარ. ოპოზიციონერებმა ახლა ახალი, პროდასავლური კოალიციის კონტური უნდა მოვხაზოთ, თუ ხელისუფლების შეცვლა მართლა გვინდა. დღეს ოპოზიციაში ბევრს ჰგონია, რომ მარტო შეცვლის ყველაფერს.
ეს გადაჭარბებული ამბიცია და თავის თავზე უაზრო წარმოდგენებია. თუ მიწაზე დაეშვებიან და სწორად შეხედავენ პროცენტებს, საკუთარ შეცდომებზე იფიქრებენ. ჩემს თავზეც ვამბობ ამას, შეცდომები დაშვებული რომ არ მქონდეს, 2% კი არა, გაცილებით მეტი მექნებოდა.
მე ძალიან მეამაყება პრეზიდენტი, რომლის გაპრეზიდენტება არ მინდოდა. ისეთ კარგ რაღაცებს ამბობს, რომ გულს მფხანს, ძალიან სწორად წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე. ღარიბაშვილი და მაკრონი რომ შეხვდნენ ერთმანეთს, მაკრონმა ფოტო დადო და დაწერა, ქართველ ხალხს ბრავოო.
ღარიბაშვილს კი არა, ქართველ ხალხს უთხრეს ბრავო. ღარიბაშვილი გვერდზე ედგა და ქართველ ხალხს მიმართავდა. ეს იმის აქცენტი იყო, რომ „ქართული ოცნება“ ევროპაში გულზე არავის ეხატება. სხვათა შორის, შევნიშნე, პრეზიდენტი ქართულად საუბრის დროს შეცდომებსაც აღარ უშვებს ძველებურად ხშირად. მართლა მიხარია, ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ კონტროლიდან რომ გამოვიდა.
მართალს ამბობს, ივანიშვილი არის კლასიკური ოლიგარქი, დღეს საქართველოში მხოლოდ ფორმალურად გვაქვს საპარლამენტო მმართველობა, სინამდვილეში ოლიგარქიული მმართველობაა.
ერთი კაცი, რომელიც ისიც კი არ ვიცით, ფიზიკურად სად არის, ამ ქვეყნის მოსამართლეც არის, მსაჯულიც და მეფეც.