LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია” ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე წარმოდგენილ კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერს – რას გეგმავენ სხვა პარტიები

63
cesko

პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ ცესკოს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე ორი კანდიდატი, ცესკოს მოქმედი თანამშრომლები, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი – გიორგი კალანდარიშვილი და იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – გიორგი სანტურიანი შეარჩია.

ვინ არიან, რას საქმიანობდნენ და რატომ გადაწყვიტეს ცესკოს თავმჯდომარეობა - ორი შერჩეული კანდიდატის ბიოგრაფია

თუ ახალ თავმჯდომარეს დეპუტატების 100 ხმა არ ექნებათ, სამი მცდელობის შემდეგ, ის უბრალო უმრავლესობით მხოლოდ 6 თვით დაინიშნება.

გარდა ამისა, კომისიამ ასევე შეარჩია 5 კანდიდატი ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობებზე – ანა მიქელაძე, თამარა სართანია, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

პრეზიდენტმა პარლამენტს კანდიდატურები 3 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს, ხოლო პარლამენტმა გადაწყვეტილება წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მიიღოს.

კანდიდატების შეჩევას მმართველი გუნდი და ოპოზიცია განსხვავებული კომენტარებით შეხვდა.

უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებს უფრო გამჭვირვალე საარჩევნო გარემოთი და კომისიის ღირსეული კანდიდატით შევხვდებით.

“მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციას, არასამთარობო ორგანიზაციებს ჰქონდათ პრეტენზია თამარ ჟვანიას მიმართ, ხომ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი მართალი ყოფილა, ხომ აღმოჩნდა, რომ ფორმულებში ჰქონიათ პრობლემა არასამთავრობო ორგანიზაციებს? ბოდიშიც კი არ მოუხდიათ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთია, რასაც რადიკალური ოპოზიცია ამბობს და მეორე, რაც არის რეალობა“. – ამბობს ზარქუა. 

როგორც ჩანს, NGO-ის გეგმა იყო, ცესკო ახალი წევრებით არ დაკომპლექტებულიყო, აცხადებს უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი. 

„არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კომენტარებში პირდაპირ იკვეთება კოორდინირებული ქცევა. როგორც ჩანს, მათ ხმის მიცემის წესი შეათანხმეს. მათ მხოლოდ ორ კანდიდატს დაუჭირეს მხარი, რომლებიც მათივე ორგანიზაციების წარმომადგენელები იყვნენ. ეს არა თუ რაიმე სტანდარტში ეწერება, არამედ არის ინტერესთა კონფლიქტი“. – ამბობს შალვა პაპუაშვილი.

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, კი  ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებით,  კონსენსუსის მიღწევა ძალიან რთული იქნება.

„კონსენსუსის მიღწევა მათ კანდიდატურებზე იქნება ძალიან რთული, ოპოზიციას ვგულისხმობ, შეიძლება ისინი აკმაყოფილებენ პროფესიონალიზმის კრიტერიუმს, მაგრამ ისინი არ გამოხატავენ ყველა პოლიტიკური ჯგუფის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციას, მათ არ აქვთ მათი მხარდაჭერა, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცესკო-ს თავმჯდომარე იყოს ადამიანი, რომელსაც ექნება საზოგადოების და შემდეგ პოლიტიკური სპექტრის ფართო ნდობა, ანუ მათ შორის, ოპოზიციის ნდობაც“. – აცხადებს ლევან იოსელიანი.

„გირჩის“ დეპუტატი იაგო ხვიჩია ჟურნალისტების კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს ცესკოს თავმჯდომარეობის რომელიმე კანდიდატს, პასუხობს:

„ისეთ რამეს არ ჩავიდენ, რისი ახსნა და დასაბუთებაც არ შემეძლება“ და დასძენს, რომ კანდიდატებს ჯერ არ იცნობს, ამიტომ უნდა გაიცნოს და საკუთარ აზრს მედიას შემდეგ ეტყვის.

„მე არ ვიცნობ ამ ადამიანებს. შესაბამისად, ვერ გეტყვით დავუჭერ მხარს თუ არა. ალბათ, მომეცემა საშუალება გავიცნო. თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ მათ მხარს არ უჭერენ, აბა ვის გვირჩევენ, ვის დავუჭიროთ მხარი? ვიღაცამ ჩემს მიმართ პრეტენზია რომ დააყენოს, თამარ ჟვანიას ამართლებდი და ამიტომ არ გიჭერ მხარსო, არ იქნება დამაჯერებელი.ხომ იცით, ისეთ რამეს არ ჩავიდენ, რისი ახსნა და დასაბუთებაც თქვენთვის არ შემეძლება, მაგრამ ამ წუთას, ამ ორ კანდიდატს არ ვიცნობ, ყურადღებით გავიცნობ და ამის შემდეგ ვეცდები ჩემი კვალიფიციური აზრი გითხრათ,“ – განაცხადა ხვიჩიამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგა ბოკერია კი აცხადებს, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევისას კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ წინასწარ დაგეგმილი სცენარით მოქმედებს.

 „ეს ცუდია, რაც სამართლიან არჩევნებს აზიანებს, საბედნიეროდ, მხოლოდ მანდ არ წყდება გამარჯვების და ვადამდელი არჩევნების მოპოვების ბედი. ეს მაინც მიღწევადია მოქალაქეების, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობის პირობებში. იმ ტიპის აქტიურობას უნდა მივაღწიოთ ივანიშვილის რეჟიმზე, რომელსაც ვერ გაანეიტრალებს არალეგიტიმური მეთოდებით. ეს არის შესაძლებელი, თუ ჩვენ ვიქნებით აქტიურები, გვექნება რწმენა და მოვიპოვებთ მოქალაქეების ნდობას. შეუძლებელია ამ კანდიდატებზე კონსენსუსი მოხდეს, იმდენად ნათელი ვითარებაა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.  

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია” მხარს არ დაუჭერს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე წარმოდგენილ ორ კანდიდატურას. მიზეზი კი ისაა, რომ წარმოდგენილი კანდიდატურები წლების განმავლობაში  ცესკოს თანამშრომლები, მათივე სიტყვებით, „ჟვანიას, ანუ „ქართული ოცნების” გუნდის წარმომადგენლები არიან და ატარებენ იმ გაყალბების პოლიტიკას, რომელსაც წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა.

ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა.

„მაგალითად, გიორგი კალანდარიშვილი პრესსპიკერის ფუნქციას ასრულებდა და ახმოვანებდა გაყალბების პოლიტიკას, ხოლო გიორგი სანტურიანი, როგორც იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი „აპრავებდა“ იმ გაყალბებას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებდა“. – აცხადებს მინაშვილი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნიკოლოზ სიმონიშვილის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე პრეზიდენტისთვის წარდგენილი ორი კანდიდატი – გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი მაღალ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ კონსენსუსს ვერ მოიპოვებენ.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ აღნიშნა, პრეზიდენტის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ აღნიშნულ კანდიდატებთან მიმართებაში „ძალიან ცუდი, დაბალი სტანდარტის გადაწყვეტილება მიიღო“.

„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი კი აცხადებს, რომ „როგორც მოსალოდნელი იყო, ეს გადაწყვეტილება ცესკოს თავჯდომარესთან დაკავშირებით არის პრაქტიკულად ის, რაც სურს „ქართულ ოცნებას“ .

წერეთელმა აღნიშნა, რომ ამ ორი კონკრეტული კანდიდატიდან რომელიმეს არჩევა გაართულებს ვითარებას და არ შეუწყობს ხელს შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტების იმპლემენტაციას.

„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ პროგნოზი, რომ ამგვარი შერჩევა მოხდებოდა სწორედ ისე, რომ სასურველი კანდიდატები ყოფილიყვნენ და არიან ის ადამიანები, ვინც ცესკოში პრაქტიკულად ხელმძღვანელობდნენ მთელ ამ პროცესს, რაც უკავშირდება ამ წინა ყველაზე ცუდად ჩატარებულ არჩევნებს ბევრი შეფასებით.

ამიტომ, ახლა იმისათვის, რომ საერთოდ არ დასრულდეს შარლ მიშელის შეთანხმების ამ ნაწილში ნებისმიერი იმედი იმისა, რომ რაღაც გაუმჯობესდება და არ მოხდეს ისე, რომ დამტკიცდეს ცესკოს თავჯდომარეობის კანდიდატი, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს ვითარებას, ეს არ უნდა მოხდეს.

შესაბამისად, არ უნდა იქნას ამგვარი გადაწყვეტილება მიღებული და როგორმე უნდა იყოს მცდელობა იმისა, რომ მოხერხდეს დამოუკიდებელი კანდიდატის შერჩევა, ვინც იქნება ნდობით აღჭურვილი და ჩაატარებს ამგვარად საარჩევნო პროცესს.“ – განაცხადა წერეთელმა.

 

magti 5g