ბათუმის საკრებულოს წევრის, მირდატ ქამადაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, გიორგი დიასამიძეს თავს დაესხნენ. ქამადაძის თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა, როდესაც ისინი ბათუმიდან შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ მიემართებოდნენ, რათა გიორგი გახარიას გადადგომა მოეთხოვათ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელის თქმით, ინციდენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის ორგანიზებული. მისივე თქმით, დიასამიძეს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა.
„ჩვენ ოფიციალურ განცხადებებში არსად გვითქვამს, რომ ეს რუსი ტურისტი იყო. ის რუსულად საუბრობდა და აგინებდა ჩვენს მეგობრებს. ასე, რომ ის იყო რუსი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე ზუსტად არ ვიცი. ოფისიდან ჩვენი აქტივისტები მანქანით დაიძრნენ შეკვეთილისკენ, მათ გზად საეჭვოდ ჩაუდგა სხვა მანქანა, რომელიც მხოლოდ ჩვენს მეგობრებს არ ატარებდა. ჩვენმა მეგობრებმა მოახერხეს გვერდის ავლა, ამის შემდეგ ის მანქანა კვლავ ჩაუდგა და არ გაატარა. იქიდან გადმოვიდა ერთი პირი, რომელიც იგინებოდა, გიორგი დიასამიძეს კი შუბლში დაარტყა, მას ჭრილობა აქვს. იგი გადაყვანილია საავადმყოფოში და ჩაუტარდა სამედიცინო დახმარება. იმდენად საეჭვოდ ვითარდებოდა მოვლენები, სავარაუდოდ, პროვოკაციაა, პროვოკაციული ქმედების უკან კი დგას სუს-ი. სავარაუდოდ იცოდნენ, რომ ეს ადამიანები მიდოდინენ აქციაზე შეკვეთილში. რაც შეეხება მანქანას, მას ქართული ნომრები ჰქონდა“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.
ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.