„ნაციონალური მოძრაობისთვის და ოპოზიციისთვის სასარგებლო იქნება თუ პარტია გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას პარლამენტის ფარგლებში,“ – ამის შესახებ განცხადება პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ ფორტუნას გადაცემაში „დღის თემა“ გააკეთა.
მისივე განცხადებით, ქართული ოცნების დამარცხება შესაძლებელი იქნება პარლამენტის შიგნითაც, ამიტომ კარგი იქნება თუ ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო ტრიბუნას გამოიყენებს.
„რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას „ჩემი აზრით“ აქ იქნება აზრთა სხვადასხვაობა, წარიმართება მწვავე დებატები. ერთის მხრივ იმ ადამიანების ნაწილის პოზიციაა, რომ ისინი არ შევლენ პარლამენტში, რადგან პარლამენტში შესვლით ხდება დე ფაქტო აღიარება 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერთა ნაწილი, რომელიც ემხრობა საპარლამენტო მუშაობის წარმართვას, მათ პოზიციასაც აქვს თავისი საფუძველი იმიტომ, რომ პრაგმატულად უნდა მიუდგეთ საკითხს.
შესაძლებელია არ ეთანხმებოდე 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და იმ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობდა წინასაარჩევნო პერიოდში, მაგრამ პრაგმატულად რომ მივუდგეთ, ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ემხრობიან პარლამენტში შესვლას მათ პოზიციას ლოგიკური საფუძველი აქვს.
მე მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობისთვის და ოპოზიციური სპექტრისთვის, უფრო სასარგებლო იქნება თუ ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას პარლამენტის ფარგლებში, გამოიყენებს, როგორც საპარლამენტო ტრიბუნას, ასევე რიგ შემთხვევაში ქუჩას, ვთქვათ დემონსტრაციების ორგანიზების მიზნით. მით უმეტეს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნების დამარცხება შესაძლებელი იქნება არამხოლოდ არჩევნების, არამედ პარლამენტის შიგნითაც. 6-მა დეპუტატმა უკვე დატოვა ქართული ოცნება. შესაძლებელია მათ რიგებს სხვებიც შეურეთდნენ და ქართულმა ოცნებამ დაკარგოს პარლამენტში უმრავლესობა, თუ 35-მდე წევრი ნაციონალური მოძრაობიდან, ევროპული საქართველოდან და ლეიბორისტული პარტიიდან შეუერთდებიან პარლამენტს“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.
პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კარგი იქნება თუ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიას დატოვებს და მესამე პოლიტიკურ ძალას შეუერთდება.
მისი განცხადებით, ნიკა მელიას ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენა აუცილებელია, რადგან თუ გავითვალისწინებთ 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს, ის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული პარტიის ლიდერია, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 24% მიიღო.
„აუცილებელია ნიკა მელიას ნაციონალურ მოძრაობაში დარჩენა. მით უმეტეს მას აქვს ერთი მნიშვნელოვანი დადებით თვისება, როდესაც იგი დაინიშნა პარტიის თავმჯდომარედ, მან 12 ახალი ნიჭიერი წევრი წარმოადგინა პარტიაში, რადგან პარტია უნდა შეივსოს ახალი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკური მოღვაწეებით. მარტო ნიკა მელია ან რომელიმე სხვა პოლიტიკური ლიდერი პრობლემას ვერ გადაჭრის, თუ ძლიერი გუნდი არ ჰყავს.
თუ ბატონი ვაშაძე გულისხმობდა მთლიან ოპოზიციურ სპექტრს მინუს ნაციონალური მოძრაობა, შესაძლებელია კი განვიხილოთ, მესამე ძალად მთლიანად ოპოზიციური სპექტრი ნაციონალური მოძრაობის გარეშე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მიმაჩნია, რომ ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს საერთო კანდიდატზე.
ყველაზე მაღალრეიტინგული პარტიაა ნაციონალური მოძრაობა. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩეველთა ხმების 27 პროცენტი მიიღო, რაც შეეხება დანარჩენ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიებს ერთად აღებულს, მიიღეს დაახლოებით 20%“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.