„არამარტო იდეოლოგიური, არამედ ტაქტიკური ნაბიჯებიც გაურკვეველი იყო “ნაციონალურ მოძრაობაში”. მაგალითად დღემდე არ იცის პარტიამ, რა უნდა მას პარლამენტთან დაკავშირებით, ან საკრებულოებთან დაკავშირებით. ამ ხალხმა უნდა დატოვოს წარმომადგენლობითი ორგანო თუ არ უნდა დატოვოს“ – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილმა წევრმა, რომან გოცირიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში, გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.
დეპუტატი ამბობს, რომ ბოლო პროცესები, რაც არჩევნებთან დაკავშირებით წარიმართა იყო ძალიან უდროო, მით უმეტეს სააკაშვილის კონტექსტში.
„პარტია ფაქტობრივად გაიხლიჩა შუაში, ამიტომ მე იქ ჩემი თავი ვეღარ დავინახე“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტის წევრმა ნაციონალური მოძრაობის მიერ ბოიკოტის შესაძლო შეწყვეტაზეც ისაუბრა და თქვა რომ მათი გადაწყვეტილება ამ დრომდე უცნობია.
„არასდროს იყო ჩემი პოზიცია ბოიკოტის სასარგებლოდ, პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხში, ყოველთვის შესვლას ვემხრობოდი, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ მე ყოველთვის დავემორჩილებოდი პარტიის გადაწყვეტილებას. პრინციპული მოსაზრება იყო ჩემი, რომ თუ პარტია დატოვებდა პარლამენტს, მეც ასე მოვიქცეოდი, მაგრამ დღემდე არ ვიცით რა ხდება“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ წასვლის მიზეზებზე საუბრობს