LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაცვლიშვილი: როგორც ჩანს, „ოცნება“ ეკლესიას არ ებრძვის და რელიგიურ ნორმებს იცავს, როდესაც ადამიანებს ლოცვის საიდუმლოებაში სუს-ით უძვრება

44
ანა ნაცვლიშვილი

„როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არ ებრძვის ეკლესიას და იცავს რელიგიურ ნორმებს, როდესაც ლოცვის საიდუმლოებაში უძვრება ადამიანებს თავისი სუს-ით“, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველის მიერ ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.

ნაცვლიშვილი გამოეხმაურა რეპლიკებს, მათ შორის ბექა ოდიშარიას მიმართვას, რომელმაც ლომჯარიას ჰკითხა:

„რას ერჩით საქართველოს სამოციქულო, ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას“.

„ზუსტად ვიცი, რომ ეს არ იყო მარტივი და ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ბევრი გარე თუ შიდა ბარიერი შეგექმნებოდათ ამ გზაზე, ამიტომ კიდევ ერთხელ მადლობა ყველაფრისთვის, რაც შეძელით და გააკეთეთ. ასევე მადლობა, რომ უმრავლესობა ფორმაში მოიყვანეთ.

ასეთი მობილიზებული, მომზადებული და ნამეცადინები დიდი ხანია, არ ყოფილან. ასეთ კითხვებს და ასეთ მწარე რემარკებს ისინი ვერ ბედავენ, მაგალითად, როდესაც აქ დგანან მინისტრები, რომლებიც პირდაპირ არიან პასუხისმგებელი ბავშვთა შიმშილზე ამ ქვეყანაში. ასეთ მწარე კითხვებს და რემარკებს ვერ ბედავენ, როდესაც აქ დგანან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც მათ შორის მათ უთვალთვალებენ და აშანტაჟებენ.

მოქალაქეების კი არა, საკუთარი უფლებების დაცვის მოთხოვნით ვერ ბედავენ, რომ ხმა აიმაღლონ ძალოვნების წინააღმდეგ. ასეთ კითხვებს ისინი ვერ უსვამენ სუს-ის უფროსს, რომელიც შემოაპარეს და გააპარეს და დახურეს მოსმენა. ამას აქ იმიტომ აკეთებენ, რომ თქვენ გარკვეულწილად ანგარიში გაგისწორონ იმ სწორი საქმისთვის, რომელსაც აკეთებდით.

მაგრამ მეორე და არანაკლებ ცუდი მიზანი, რომელიც დღეს უმრავლესობას ამოძრავებს, არ მინდა, ეს საზოგადოებას მხედველობიდან გამორჩეს, არის არა თქვენ წინააღმდეგ გალაშქრება, არამედ უკვე მომავალი სახალხო დამცველისთვის თითის დაქნევა და იმის ჩვენება, რომ „აი, რა მოხდება, თუ შენ ჭკუით არ იქნები და გააგრძელებ სახალხო დამცველობას“. ეს არის ახლა დღევანდელი მასკარადის მიზანი. დარწმუნებული ვარ, თქვენ ეს კარგად წაიკითხეთ და თქვენზე ეს არ იმოქმედებს.

აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო აქ ნიანგის ცრემლებით საუბარს იმაზე, თურმე ვიღაც ეკლესიას ებრძვის. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არ ებრძვის ეკლესიას და იცავს რელიგიურ ნორმებს, როდესაც ლოცვის საიდუმლოებაში უძვრება ადამიანებს თავისი სუს-ით და როგორც ჩანს, მღვდლებს რომ უსმენს, ეს ყოფილა რელიგიის პატივისცემა. ასევე გელათი რომ ირეცხება, ეს ყოფილა თურმე რელიგიისა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, ყოჩაღ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს სახალხო დამცველს უსმენენ. ნინო ლომჯარიამ დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g