ცნობილი მწერალი, ნაირა გელაშვილი, ავრცელებს სპეციალურ ვიდეოს და გამოუთქვამს პროტესტს ხელისუფლებას იმის გამო, თუ როგორ ეპყრობა რიონის ხეობის მცველებს.
ნაირა გელაშვილი:
„ის, რამაც ნამოხვანჰესის პრობლემა გამოააშკარავა, არის სამშობლოს ღალატი და სხვა არასდროს არაფერი დაერქმევა. ის ხელშეკრულება, რომელიც მეც ვნახე, საზოგადოებასთან ერთად, მაძლევს უფლებას, რომ ვთქვა, სამივე ხელმომწერი, გიორგი გახარია, ნათელა თურნავა და ლევან დავითაშვილი არიან სახელმწიფოს მოღალატეები, რომლებიც აუცილებლად უნდა გასამართლდნენ. მსგავსი ხელშეკრულება შეუძლებელია, სადმე მოიძიოთ, გარდა დაქცეული ქვეყნებისა, რომელთა მთავრობებიც უბრალოდ, ყიდიან თავიანთ ქვეყანას და არიან გლობალური ნეოკოლონიალიზმისა და კაპიტალიზმის დესანტი თავიანთ სამშობლოში და ამასთან გვაქვს საქმე. როგორ შეიძლება, მთელი საუკუნით, შენი სამშობლოს ულამაზესი კუთხე, უზამაზარი ტერიტორია გადასცე და უთხრა, რაც გინდა, ის ქენიო, იმიტომ, რომ ამ ხელშეკრულების შინაარსი, მეგობრები, სხვა არაფერია. ამოთხარეთ, ააფეთქეთ, დააბეტონეთ, ტყეები გაჩეხეთ, მოსახლეობა თუ გინდა აყარეთ, თუ გინდა, დასცინეთ, თუ გინდა, გაასახლეთ, საფლავები წყალში ჩაძირეთ, ეკლესიები ჩაძირეთ, თუ ტყეებს გაჩეხავთ, იმის დასაწყობ ადგილსაც სახელმწიფო გადაიხდის. მერე თქვენ მიერ გამომუშავებულ დენს შევისყიდით იმაზე ძვირად, ვიდრე დღეს ვყიდულობთ, გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას ყველაფერს გადაიხდის სახელმწიფო და ეს თურქული კომპანია „ენკა“ შემოდის ამ პირობებით. ჩვენთვის სულ ერთია, რომელი ქვეყნიდან შემოდის… ის ყველანაირ უფლებას იღებს საქართველოს მიწა-წყალსა და მოსახლეობაზე, კულტურის ძეგლებსა და არქეოლოგიურ ძეგლებზე. მას ყველაფერი შეუძლია. უკანასკნელი ხელიდან წასული ბებერი სუტენიორი არ ჩააგდებდა ლამაზ ქალს ხარბი მუშტრების ხელში ამ სიტყვებით, რაც გინდათ, ის უქენითო. ასეთ გარყვნილებასთან გვაქვს საქმე, როდესაც ულამაზეს, ჩვენს საყვარელ რიონის ხეობას, რომელსაც ასე დასტიროდნენ და ეწირებოდნენ ჩვენი წინაპრები, ეს ვიგინდარა არამზადები, სხვა სიტყვებს ესენი არ იმსახურებენ, ასე ანიავებენ და ეუბნებიან, რაც გინდათ, ის ქენითო. ამის პატიება, ჩემო მეგობრები, არ შეიძლება!..“