„ნამახვანჰესი“ უნდა აშენდეს, ჩვენ იმისი ფუფუნების გზა არა გვაქვს, რომ ამხელა მოცულობის ინვესტიციაზე, ამდენი ხალხის დასაქმებაზე და შესაბამისად, საპირისპიროდ იმპორტდამოკიდებულების შემცირებაზე ვთქვათ უარი, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს.
ის იმედს იტოვებს, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობა, ისევე, როგორც სხვა საშუალო და მსხვილი ჰესების მშენებლობა, გაგრძელდება.
„რამე კითხვები თუ არსებობს, მთავრობამ თქვა, დავჯდეთ, გავიაროთ გავაკეთოთ დამატებითი კვლევები, მაგრამ მაინც შიდა თუ გარე, ქვეყნის განვითარების არამოსურნე პირების მიერ იქნა აქციები არაერთი დაორგანიზებული და შესაბამისად, შეჩერებული; თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ეს არის დროებითი და დაინტერესებულ მხარეთა ფართო და აქტიური ჩართულობით, „ნამახვანჰესის“ მშენებლობა, ისევე, როგორც სხვა საშუალო და მსხვილი ჰესების მშენებლობა, გაგრძელდება“– განაცხადა დავით ნარმანიამ.
მან ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან დამოკიდებულებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ რუსეთთან „მაღალი დამოკიდებულება ნამდვილად არ გვაქვს“ . დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოში 2021 წელს რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირი 15% იყო, ხოლო რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 7%-ს შეადგენდა.