LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამახვანჰესის ხელშეკრულების ხელახალ შეფასებაში საერთაშორისო იურიდიული კომპანიის ჩართვა პრობლემურია: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

63
Untitled design (3)

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება იუსტიციის სამინისტროს მიერ ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებას, რომლის მიხედვითაც, სამინისტრომ ხელშეკრულების შესაფასებლად საერთაშორისო იურიდიული კომპანია უნდა შეარჩიოს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება მორიგია იმ ინიციატივებს შორის, რომლითაც ხელისუფლება პრობლემის აღიარებას თავს არიდებს და ფრაგმენტული ინიციატივებით ხელშეკრულების შესახებ არსებული ძირითადი პრობლემების გადაფარვას ცდილობს.

როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრში ამბობენ, ინიციატივა საკითხის რეალურ გადაჭრაზე არ არის ორიენტირებული და  საბოლოოდ, არსებული კონფლიქტის გაჭიანურებას იწვევს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ამ დრომდე სამინისტროს არ გაუკეთებია განცხადება დასკვნის შინაარსთან, ნამახვანი ჰესის პროექტზე უწყების პოზიციის განმარტებისა და ხელშეკრულებაში შენიშვნების აბსოლუტური უმრავლესობის გაუთვალისწინებლობასთან დაკავშირებით.

იუსტიციის სამინისტრო ნამახვანჰესის პროექტის ხელშეკრულების შესწავლის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს

პირობების მიხედვით, მასში მონაწილეობა საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებს შეუძლიათ.

“იმთავითვე აზრს მოკლებულია თავად სამინისტროს გადაწყვეტილება, შეარჩიოს საერთაშორისო იურიდიული კომპანია ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების შესაფასებლად, მაშინ, როცა აღნიშნული შეფასება უშუალოდ მისი, როგორც საჯარო უწყების, კომპეტენციაა და, რაც მთავარია, შეფასებაც უკვე მომზადებული აქვს.”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ იუსტიციის სამინისტროს დასკვნის შინაარსის გამჟღავნების შემდეგ, სამინისტროს მიერ ხელშეკრულების ხელახალი შეფასებისთვის იურიდიული კომპანიის დაქირავება აჩენს ეჭვს, რომ ხელისუფლება ახალი, ამჯერად ნაკლებად კრიტიკული დასკვნის მოპოვებას სხვა სუბიექტისგან ცდილობს, მაშინ, როდესაც იუსტიციის სამინისტროს კრიტიკული დასკვნის შინაარსზე ხელისუფლება ამ დრომდე დუმს

მიმართვის ავტორების თქმით, კითხვებს ბადებს თავად დავალების შინაარსი, რაც ხელშეკრულების საქართველოს კანონმდებლობასთან და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს:

“სავარაუდოა, რომ საქართველოს კანონმდებლობასთან ხელშეკრულების შესაბამისობას იუსტიციის სამინისტროზე უკეთ საერთაშორისო იურიდიული კომპანია ვერ შეაფასებს, ხოლო დავალების ის ნაწილი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაზე უთითებს, არანაკლებ ბუნდოვანია მისი ზოგადი ფორმულირების გამო.”

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მთავრობა, ილუზორული და ზედაპირული პროცესის შექმნას და პროექტთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემების გადაფარვას ისახავს მიზნად:

“იმ პირობებში, როდესაც მთავრობას, დიდი ალბათობით, თავად არ აქვს დათვლილი, თუ კონკრეტულად რა საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება პროექტი და რა ხარჯების გაწევა უწევს სახელმწიფოს მის განსახორციელებლად, ყოველ შემთხვევაში არაერთი მოთხოვნის მიუხედავად კანონმდებლობით სავალდებულო ეს დოკუმენტები ამ დრომდე არ გასაჯაროვებულა, განსაკუთრებით აზრს მოკლებულად ჩანს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ხელშეკრულება უცხოურ იურიდიულ კომპანიას შეაფასებინოს.

შესაბამისად, აღნიშნული გადაწყვეტილებით მთავრობა, ილუზორული და ზედაპირული პროცესის შექმნას და პროექტთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემების გადაფარვას ისახავს მიზნად; შედეგად, არსებული მდგომარეობიდან ერთადერთ მდგრად გამოსავალს – ადგილობრივ მოსახლეობასთან და საზოგადოების ფართო ჯგუფებთან რეალურ დიალოგს – კვლავ თავს არიდებს, რითაც მხოლოდ კრიზისის გაღრმავებას უწყობს ხელს.” – წერია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g