“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”, სახელმწიფოს მიერ ნამახვანჰესზე დადებული ხელშეკრულების ანალიზს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ნამახვანჰესის პროექტზე მთავრობასა და ინვესტორს, შპს „ენკა რინიუებლზს“, შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნათელია, რომ პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.
მათივე ინფორმაციით, ხელშეკრულებიდან ასევე ჩანს, სახელმწიფოს მიერ კომპანიისათვის მიცემული არაერთი გარანტია და მხარდაჭერის პირობა, რამაც შესაძლებელი გახადა კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნების გვერდის ავლით და ფორსირებულად, როგორც ძირითადი ნებართვების მიღების, ასევე მშენებლობის პროცესის დაწყება.
“ხელშეკრულების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე, რაც აბათილებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებსაც კი.
იმ შესაძლო გარემოებების სია, რა შემთხვევაშიც კომპანია ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს სახელმწიფოსგან, განუსაზღვრელად ფართოა და უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებს ქვეყანას იმის გამოც, რომ სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებული რისკების გადაზღვევას ითხოვს საბიუჯეტო სახსრებით. შეთანხმებით ფაქტობრივად ყველა შესაძლო ბიზნეს რისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით არის დაზღვეული.
ეკონომიკის სამინისტრო დიდი ხნის განმავლობაში არ ასაჯაროებდა ამ ხელშეკრულებას. ის მხოლოდ 2021 წლის 7 თებერვალს გასაჯაროვდა, როცა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-მა დოკუმენტი მოიპოვა და გამოაქვეყნა. EMC-მ შეისწავლა ეს ხელშეკრულება და ამ დოკუმენტში შეთანხმების შინაარსს კრიტიკულად მიმოიხილავს”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნათია თურნავა ნამახვანიჰესზე – უნდა გავუფრთხილდეთ ასეთ მეგაპროექტებს
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ინფორმაციით, ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგო-ტარიფს და ენერგო-უსაფრთხოებას; კომპანიას ექნება შეუზღუდავი უფლებები ბუნებრივ რესურსებზე; კანონმდებლობის, გადასახადისა და ბაზრის წესების ცვლილებით გამოწვეულ ფინანსურ ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ანაზღაურებს; შეთანხმება არ ქმნის საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გარანტიებს; ფორსმაჟორული გარემოებებისას ყველა სახის ზიანისა და დანაკარგის ანაზღაურება სახელმწიფოს ვალდებულებაა.
„ნამახვანიჰესის“ პროექტი საქართველოს 2000-ზე მეტ მოქალაქეს დაასაქმებს
“EMC” მიიჩნევს, რომ სახელმწიფოსა და კომპანიას შორის დადებული შეთანხმება მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, რამდენადაც ის არსებითად თმობს სახელმწიფო ინტერესებს კერძო კომპანიის სასარგებლოდ, რაც ნამახვანჰესის მშენებლობით გამოწვეულ მნიშვნელოვან ზიანთან და საფრთხეებთან ერთად, საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მის ეკონომიკურ სარგებლიანობას და როლს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში.
რიონის ხეობის გადასარჩენად: პროტესტი ნამახვანის ჰესების კასკადის წინააღმდეგ