LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგებაძე: „რომელ სამყაროში და რომელი გრავიტაციული კანონების მიხედვით შეიძლება ნამახვანი იყოს ქუთაისისთვის საშიში, როდესაც იმ სამყაროში, რომელშიც მე ვცხოვრობ, არასდროს დანგრეულა მსგავსი ნაგებობა?“

5389
giorgimargebadze

ნამახვანჰესის გარშემო ატეხილ დიდ აჟიოტაჟს და საპროტესტო ტალრას ეხმაურება პროფესიით ახალი ჰიდროელექტროსადგურების პროექტის მენეჯერი, გიორგი მარგებაძე და წერს იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ არ შეიძლება იყოს ჰესი საშიში საქართველოსთვის და რა სარგებელის მოტანა შეუძლია სამომავლოდ.

გთავაზობთ მის პოსტს, რომელსაც სოციალურ ქსელებში აზიარებენ:

„30 მეტრიანი ტალღა წალეკავს ქუთაისს.

სურათზე, რომელიც ავტვირთე, ნაჩვენებია ქუთაისი და მის თავზე კი წითლად მოხაზულია ორი ჰესი (დაახლოებით 55 წლის წინ აშენებული) გუმათი-1 და გუმათი-2 ჰესები, ყვითლად მოხაზული ნამახვანის ტერიტორიაა.

შეკითხვა:

1. გაანალიზეთ და ამიხსენით, რომელ სამყაროში და რომელი გრავიტაციული კანონების მიხედვით შეიძლება ნამახვანი იყოს ქუთაისისთვის საშიში, მაშინ როდესაც იმ სამყაროში, რომელშიც მე ვცხოვრობ, ყველაფერთან ერთად არასდროს დანგრეულა მსგავსი ნაგებობა (გრავიტაციული კაშხალი).

2. ნამახვანის თუ გეშინია, გუმათი-1 და გუმათი-2-ის გასკდომის რატომ არ გეშინია (გუმათი ჰესები 5 კილომეტრშია განლაგებული ქუთაისთან)?

3. ლაჯანური ჰესი, რომელიც ტვიშის თავზეა, მიკროკლიმატს რატომ არ ცვლის? რატომ არ სკდება და რატომ არ წაგვლეკა?

დღეს წავიკითხე და ტელევიზორშიც მოვისმინე ვიღაც მუსიკოსი თუ ექიმი თუ „პლასმასჩიკი“ (აღარ მახსოვს),  როგორ დაბეჯითებით ამბობდა, რომ თითქოს 15-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ ჰესის მეპატრონე საზღვარგარეთ გაყიდის მაგ დენსო იმიტომ, რომ მეტ ფულს მიცემენო, ჩვენ მაგით რაო. ერთი ამერიკელი მეზობელი მყავს აგრონომი, ჰექტრობით ნუშს თესავს, ხვალ უნდა შევუვარდე სახლში და ვუთხრა, შე ნაძირალა, ექსპორტზე მეტ ფულს მოგცემენ, გასატანად გინდა არა-თქო.

ვიღაცა მეპურე ამბობდა, კიდე 15 წელი გარანტირებულად ტარიფი უნდა უხადონ ჩვენი ჯიბეებიდანო, შე ოჯახაშენებულო, ცნობისათვის შენი ჯიბეებიდან ყოველ დღე იმპორტულ დენს ვყიდულობთ უფრო ძვირად, და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აბა, როგორ გინდა, 800 მლნ $ ინვესტიცია ჩაადებინო ვინმეს ნეანდერტალელების გარემოცვაში?

15 წელიწადში გარანტირებულ ტარიფს ვადა გაუვა და დამშვიდდები, დაწყნარდები. თან, პროექტს, რომელსაც მოაქვს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი სიკეთეები;

1. პირდაპირი დადებითი მოქმედება დოლარის კურსზე

2. 2000 სამუშაო ადგილის შექმნა (მაშინ, როდესაც ტირი, სამუშაო ადგილები არ არისო და გერმანიაში გარბიხარ)

3. სოციალური პროექტები

4. ენერგოდამოუკიდებლობისკენ არც თუ პატარა ნაბიჯი

5. ყოველწლიურად 1% ქონების გადასახადი ადგილობრივ ბიუჯეტში, ანუ ნამახვანში (წესით არანაკლებ 4 მლნ $).

6. მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და ადგილობრივი ხარჯები

კიდევ რამე გინდათ? მაწონი და „ბულკი“ არ გინდათ, ყოველ საღამოს გამოგიგზავნონ?

ნორვეგიიდან ჩამოსულმა ენერგეტიკოსმა სტუმარმა მოყვა, რომ 1959 წელს პირველი მიტინგი გაიმართა ნორვეგიაში, სადაც აპროტესტებდნენ ჰესების მშენებლობას, 2 წელი ვიმუშავეთ და დავადგინეთ, რომ სსრკ-ს აგენტურა მუშაობდა მწვანეების სახელით ჩვენ წინააღმდეგო. დღეს ნორვეგიაში 92% ჰიდრორესურსი აქვთ ათვისებული და ბრიტანეთს და გერმანიას აწვდიან ელექტროენერგიას.

შვეიცარია 90% ათვისებული ჰიდრო რესურსი, ავსტრია 95% ათვისებული ჰიდრორესურსი, იტალია 85%, აღარ ჩამოვთვლი.

გსმენიათ, ამ ქვეყნებზე ვინმეს ენა ზედმეტად მოუტრიალდეს? არა! და იცი, რატომ? იმიტომ, რომ დღევანდელ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი (ელექტროენერგია) აქვთ.

სასაცილო რა არის, იცი? ეს ჭკვიანი კაცი მეუბნებოდა, რომ თქვენ ჩვენზე მეტი რესურსი გაქვთო და მიკვირს, აქამდე მხოლოდ 12%-ის ათვისება როგორ მოახერხეთო.

კახეთში მთები-მდინარეები, თუშეთში მთები-მდინარეები, ხევსურეთი, სამცხე-ჯავახეთი, რაჭა, სვანეთი, აჭარა, სამეგრელო, აეეეეეეეე, ჩვენ რომ 60% ავითვისოთ, დავიდ გარეჯები აღარ მოხდება, სერიოზულ პოლიტიკურ ამინდს შევქმნით, ეგ კი არა ტაო-კლარჯეთს დავიბრუნებთ, ალბათ.

უნდა გავიგოთ, რომ დღეს ტანკებით ვერ გაგაჩერებენ, დღეს მოისყიდიან შენს მამიდაშვილს, მერე ღვინით გაბრუებული მეზობელის პატრიოტულ გრძნობებს გააღვიძებენ გამოგონილი შიშებით და მისია შესრულებულია. ისევ უმუშევრობა, ისევ შიმშილი, ისევ გაზრდილი ფასები, ისევ იმპორტული დენი და ეს ყველაფერი ჩვენივე ქართველების ხელით.

გამიგრძელდა, მაგრამ ეკოლოგებს მინდა მივმართო. გერმანიამ დაანონსა, 2023-ში თიშავს თბოსადგურებს, რადგან ყველაზე მეტად ვნებს გარემოსო. ბოლო 7 წლის განმავლობაში აშენდა 3 თბოსადგური, რატომ ერთხელ არ გააპროტესტეთ?? რატომ არ აპროტესტებთ ახალ მე-4 თბოსადგურს, რომელიც ახლა უნდა აშენდეს??? ერთი ხმა რომ არ ამოგიღიათ.

არ აპროტესტებთ, იმიტომ რომ გაზია იმპორტული გ ა ზ ი, თქვენ კიდე სხვა დავალება გაქვთ მოცემული.

ვინც ახლა გაიგეთ, თბოსადგურები რომ აშენდა და ოფოფებივით იყურებით აქეთ-იქით და ფიქრობთ, აქამდე რატომ არ ვიცოდი. როგორ გამომეპარაო, იცოდეთ, რომ იმას გაჭმევენ, რაც თვითონ სჭირდებათ, ამიტომ დახედეთ, სანამ რამეს გადაყლაპავთ.

ეს შეცდომაში შეყვანილები (რასაც ჩასძახებ იმას რომ ამოგძახებს) კი არიან ღირსები, ჩაიქნიო ხელი, დაიხურო ქუდი იყიდო ბილეთი ერთი გზა და სადმე ოკეანის იქით წახვიდე, მაგრამ როდესაც გიყვარს შენი საქმე და იცი, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საქმეს ემსახურები რთულია მიაგდო და მიატოვო.

მოკლედ, მოიძიეთ ინფორმაცია ჰესებზე, იკითხეთ წიგნები, დაგუგლეთ, დასერჩეთ, რა ვიცი, განათლდით, ვისაც არ გესმით და გაინტერესებთ, თუ არ გაინტერესებთ მაშინ თქვენი საქმე აკეთეთ, პური გამოაცხეთ, ლექსი დაწერეთ.

აი, ვისაც გესმით და მიზანმიმართულ დავალებას ასრულებთ, ეს უკვე სხვა საქმეა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები