ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა მხარდასაჭერად და აქტივისტებზე ძალადობის გასაპროტესტებლად მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება. მათი ნაწილი რიონის ხეობაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მოქალაქეების კონსტიტუციური თავისუფლებების შელახვის საგანგაშო ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას, ნაწილი კი მეტი გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ალექსანდრე გიორგაძემ განაცხადა, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილი ადამიანები არიან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და მათ უკან არც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია არ დგას.
მისივე განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეიდან დაიწყებენ აქციას, რომელიც 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება. მისი თქმით, დღეს აქციაზე ღამის გათენებას აპირებენ.
“ყველაზე მნიშვნელოვანია სოლიდარობის გამოცხადება “რიონის ხეობის მცველების” მიმართ, რადგან უკვე რამდენიმე თვეა ეს ადამიანები აქტიური პროტესტის რეჟიმში არიან. თავდაპირველად სახელმწიფო ყურადღებას მათ საერთოდ არ აქცევდა, შემდეგ როდესაც ძალიან დიდი მხარდაჭერა მიიღეს, უფრო აგრესიულ და რეპრესიულ მეთოდებზე გადავიდნენ. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავრი მიზეზი, რომ ჩვენ მათ თბილისიდან ვუცხადებთ სოლიდარობას. იგივე ფორმის, მცირემასშტაბიანი აქცია დღეს დაიწყება, ოღონდ ეს იქნება მუდმივ რეჟიმში, ანუ ადამიანები 24 საათის განმავლობაში იმორიგევებენ აქ, ზუსტად ისე, როგორც არიან რიონის ხეობის მცველები. კარვების გაშლაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. დღეს ღამე 10-ზე მეტი ადამიანი დავრჩებით და გავათენებთ, შემდეგ უკვე გადავწყვეტთ როგორ იქნება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანები აქ იქნებიან. ეს არის სწორედ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ ჩავიდნენ რიონის ხეობაში ფინანსური ან სამსახურებრივი მიზეზის გამო”,- განაცხადა ალექსანდრე გიორგაძემ.