რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, ნანა ბუთხუზი.
დღეს 8 მარტია, როგორ გაგილამაზა მეუღლემ დღევანდელი დღე…
ჩემი მეუღლე ყოველ დღეს მილამაზებს, მას სიურპრიზების გაკეთება უყვარს ხოლმე.
შენს ბავშვობაზე გვესაუბრე…
ხელოვან ადამიანებში ვიზრდებოდი, თბილ და მშვიდ გარემოში, რაც მთავარია, თავისუფალში. ოჯახში გადაწყვიტეს, რომ ფორტეპიანოზე უნდა მევლო, ბებიას ძალიან უნდოდა, მუსიკა მესწავლა. ამბობდა, რომ აბსოლუტური სმენა მქონდა, მეც დავდიოდი ფორტეპიანოზე. მიყვარდა ეს ყველაფერი, თუმცა ზარმაცი ვიყავი, სიზარმაცე კი ამ პროფესიას არ უყვარს. ყოველივე ეს რუტინა იყო ჩემთვის და მტანჯავდა. ცუდად ნამდვილად არ ვუკრავდი. შემდეგ დედამ შეატყო, რომ აღარ მინდოდა და მკითხა, რა გინდაო, მეც ვუპასუხე, რომ ბალეტის სწავლა მინდოდა, თუმცა მამა წინააღმდეგი იყო. მომწონდა სხეულით გრძნობების გამოხატვა. სტუდიაში რომ მიმიღეს, იქაც რუტინად მექცა ყოველივე. ვზარმაცობდი იქაც. მსახიობის ოსტატობის გაკვეთილები მიყვარდა ყველაზე მეტად, კი არ ვცეკვავდი, უფრო ვთამაშობდი. შემდეგ პედაგოგმა მირჩია, რომ სამსახიობოზე ჩამებარებინა. იმ მომენტში პირველად დავფიქრდი ამაზე.
როდის მოვიდა პირველი წარმატება?
იმ დღეს, როცა თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. ჩემთვის თითოეული როლი წარმატებაა. არ არსებობს დიდი და პატარა როლები, არსებობენ დიდი და პატარა მსახიობები, შესაბამისად, არ არსებობს ჩემთვის უმნიშვნელო როლი. სცენაზე დგომა – ეს ძალიან საპასუხისმგებლოა.
როგორია მსახიობის ცხოვრება?
დიახ, სხვანაირად ვცხოვრობთ, ალბათ, ჩვენს მოგონილში, როგორი ცხოვრებაც მინდა, ისეთს ვხატავ. აქ მეტი სიკეთე და მეტი სიყვარულია. არ მინდა, ცუდ რაღაცებზე ფიქრი. ამ სამყაროში კარგია, აქ შემიძლია, ყველაფერი გამოვხატო, ყველაფერს გამიგებენ. მომწონს ეს სამყარო, იმიტომ, რომ ბევრად უფრო ნამდვილია.
ყველას მკაცრი ჰგონიხარ, ასეა?
შეიძლება ასეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ, თუმცა რომ გამიცნობენ, მეუბნებიან, რა საყვარელი და კეთილი ყოფილხარო. ეს ყველაფერი ალბათ ჩცდ-ს როლიდან გამომდინარეა. გადაღებების დროს კამერას საერთოდ ვერ ვხედავ. მთავარია, იმ გმირის სირთულე იპოვო და ამით მიიღო სიამოვნება. მაშინ ეს გადამდები ხდება და სხვასაც სიამოვნებას ანიჭებს.
ვინ არის შენი პირველი შემფასებელი?
ალბათ, ეს მე ვარ. დავდევ ხოლმე ხალხს, ვინმემ რამე მითხრას, მაგრამ შენ რაუნდა გითხრათო, მპასუხობენ. არავინ მაკრიტიკებს, ყველაფერი მოსწონთ. არადა, სულაც არ მივიჩნევ, რომ იდეალურად ვაკეთებ ყველაფერს.
როგორც ვიცი სამი შვილი გყავს, მეუღლე ალბათ ხელს მუდამ გიწყობდა…
რაც შეეხება ოჯახს, ჩემს ქმარს რომ ჩემთვის არ გაეგო, 23 წელი ერთად ვერ გავჩერდებოდით, ჩვენ ერთმანეთს არ ვეჯახებით და პირად სივრცეს ვუნარჩუნებთ, არ ვართ ეგოისტები და ეჭვიანები. ის მეუბნებოდა, ცოლად გამომყევიო, მე არ ვიყავი მზად და ვუთხარი, ჯერ გავიცნოთ კარგად ერთმანეთი-მეთქი, ისიც დამთანხმდა. ვიქირავეთ ბინა, გადავედით საცხოვრებლად და ასე შემოვრჩით დღემდე ერთმანეთს. სულ მინდოდა, ბევრი შვილი მყოლოდა. დედისერთა ვარ და ალბათ, ამიტომ…