რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ნანა იამანიძე, ნინო მიქაძე და ტრიო „სამანი“ სტუმრობდნენ. გადაცემაში სიმღერის „რად მიცქერ“ პრემიერა შედგა.
ნანა იამანიძე: დღეს, ჩემი ახალი სიმღერის პრემიერა იქნება და წარმოგიდგენთ ტრიოს „სამანი“, რომელიც 3 წლის წინ შეიქმნა. ტრიოს წევრები ლაშა ღლონტის „არტ ლაბორატორიის ახალგაზრდები გახლავთ. ტრიოს საოცარი ხელმძღვანელი ჰყავს, ქალბატონი თამუნა მანჯავიძე.
ჩემი, ლაშას და თამუნას ძალიან დიდი მეგობრობის შედეგია ის, რომ ყველა ახალი სიმღერა, რომელსაც ვქმნი, მინდა, რომ ამ საოცარმა ბიჭებმა იმღერონ.
ტრიოს წევრები არიან – დათუნა წულუკიძე, ლუკა ობგაძე, შოთიკო ქათამაძე. ეს სამი არაჩვეულებრივი ახალგაზრდა შეიკრიბა და შეიქმნა ეს ძალიან კარგი ტრიო და ქუთაისში უკვე 3 კონცერტი ჩავატარეთ.
მათ ძალიან ბევრი სიმღერა აქვთ რეპერტუარში, მაგრამ პირველი საავტორო სიმღერა, რომელიც შეასრულეს, იყო ჩემი სიმღერა – „იასამნები“, ნუკრი კარგაძის ლექსზე შექმნილი.

მოგვიყევით სიმღერაზე „იასამანი“.
დათუნა წულუკიძე: „იასამანზე“ კარგი რეაქციები იყო, ჩვენც ძალიან შევიყვარეთ ეს სიმღერა. მის ჩასაწერად ქუთაისში ჩავედით.
ნანა იამანიძე: ჩვენი ძვირფასი არანჟირებების ავტორი, ერეკლე დიდია ყოველთვის ჩვენს გვერდითაა.

როგორია სამომავლო გეგმები?
ნინო მიქაძე: იგეგმება კიდევ ბევრი ახალი სიმღერა და იგეგმება ქალბატონ ნანას საავტორო ალბომის გამოცემა. ეს რიგით მეოთხე ალბომი იქნება. რა თქმა უნდა, იგეგმება საღამოც. ასევე, ქალბატონ ნანას მოსწავლეებთან ერთად იგეგმება მუსიკალური სპექტაკლი, რომელიც თავიდან ბოლომდე ქალბატონ ნანას სიმღერებზე იქნება აწყობილი. ალბათ, ტექსტის ავტორი ისევ მე ვიქნები, რადგან ძალიან კარგად გამოგვდის ერთად მუშაობა.
ნანა იამანიძე: ძალიან ბევრი ახალი სიმღერა დაიწერა ნინოს ტექსტებზე, ასევე ნანა ცინცაძის და მაკა ბლიაძის ტექსტებზე. მინდა, თავი მოვუყარო ამ ადამიანებს და ლექსის და სიმღერის ერთობლიობა გავაკეთო.

ლაშა, როგორ შეაფასებდი ტრიოს ახალ პროექტს და რამდენად მარტივი იყო მსგავსი ნიჭიერი ახალგაზრდების „არტ ლაბორატორიაში“ აღმოჩენა?
ლაშა ღლონტი: აღმოჩენა არ არის რთული, რადგან როდესაც ხედავ ასეთ სიყვარულს, ასეთ დამოკიდებულებას, ქართული სიმღერისადმი ამხელა პატივისცემას და დიდ შრომის უნარს, ასეთი ბავშვების დანახვა და აღმოჩენა ძალიან მარტივია.
მოგვიყევი „არტ ლაბორატორიაზე“.
ლაშა ღლონტი: ჩემმა მეგობარმა, შესანიშნავმა პედაგოგმა, თამარ მანჯავიძემ შემომთავაზა თანამშრომლობა. გვინდოდა, შეგვექმნა სტუდია, რომელიც ჩვეულებრივი, სტანდარტული სტუდიების მსგავსი არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, ყველას პატივს ვცემთ და ყველას ვაფასებთ, მაგრამ რაღაც ორიგინალური გვინდოდა. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი მოდის ჩვენთან, აქ არის ძალიან დიდი კულტურული კერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უშურველად მინდა გადავცე ჩემი გამოცდილება ახალგაზრდებს, რადგან ძალიან მონდომებულები არიან და ვიცი, რომ არ დაიკარგება ის დიდი მონაპოვარი, რაც ჩვენ ვიცით ჩვენი წინა თაობებისგან.
ლაშა, როდის გამოვა შენი ახალი სიმღერა?
ლაშა ღლონტი: მალე, სულ მალე მორჩება ჩემს სიმღერაზე მუშაობა.

ვისაუბროთ სიმღერაზე „რად მიცქერ“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება.
ნანა იამანიძე: ახალი სიმღერაც ერეკლე დიდიას არანჟირებით არის.
ლუკა ობგაძე: დიდი მადლობა ქალბატონ ნანას ახალი სიმღერისთვის, ქალბატონ ნინო მიქაძეს ტექსტისთვის და ერეკლე დიდიას არანჟირებისთვის.
ნინო მიქაძე: წარმატებები ტრიოს „სამანი“. ძალიან კარგი ხმები აქვთ და ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. ის, რომ ამ თაობას ასე ძალიან უყვარს ქართული სიმღერა, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა.
ტრიო „სამანი“ – რად მიცქერ
გადაცემის აუდიოჩანაწერი
ტრიო “სამანი” – იასამნები. Live
ტრიო “სამანი”, ნანა იამანიძე & ნინო მიქაძე. “პრემიერა თაკოსთან”