LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბიჭი ოცნებით“ – ალექსანდრე ზაზარაშვილი 10 მაისს, თბილისში პირველ სოლოკონცერტს გამართავს: „კონცერტი აგებულია ჩემს ცხოვრებასა და იმ გზაზე, რაც გამოვიარე“

800
ალექსანდრე-ზაზარაშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „პრემიერა თაკოსთან“ ალექსანდრე ზაზარაშვილი სტუმრობდა, რომელმაც შემოქმედებით სიახლეებზე და 10 მაისს, თბილისში დაგეგმილ პირველ სოლოკონცერტზე ისაუბრა.

ალექსანდრე, მოგვიყევი, როგორია შენი გეგმები და რა სიახლეებია შენს შემოქმედებაში?

ჩამოვედი საქართველოში და 10 მაისს, ჩატარდება ჩემი სოლოკონცერტი.

მქონდა ტურნე ამერიკაში, ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსიში, პენსილვანიაში და სხვადასხვა შტატებში.

კონცერტს და ტურს ჰქვია „ბიჭი ოცნებით“ და ის, ასე ვთქვათ, აგებულია ჩემს ცხოვრებასა და იმ გზაზე, რაც გამოვიარე, პირველი ნაბიჯებიდან დღემდე, როგორ მოვედი. არის ჩემი საავტორო, ჩემი დაწერილი სიმღერები, ცირა ბზიშვილის დაწერილი სიმღერები.

დიდი სურვილი მქონდა, რომ ჩემს ქვეყანაშიც გამეკეთებინა ის კონცერტი, რაც ამერიკაში ჩავატარეთ. პოსტერს რომ ვდებდი ხოლმე სოციალურ ქსელში, ქართველებისგან სულ იყო გამოხმაურება, ჩვენ როდის გვეღირსებაო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მეძლევა საშუალება, 10 მაისს, ჩემი სოლოკონცერტი ჩავატარო თბილისში. კონცერტი „ვახტანგ სალარიძის საკონცერტო დარბაზში“ იქნება. ბილეთები უკვე იყიდება tkt.ge-ზე.

საქართველოში წინა ვიზიტისას, გორში ჩაატარე კონცერტი, მსგავსი სახელწოდებით, ერთსა და იმავე პროექტზეა საუბარი?

დიახ, იგივე პროექტია, უბრალოდ, რაღაც პატარ-პატარა ცვლილებები იქნება შეტანილი, რადგან ახალი სიმღერები შეემატა ჩემს შემოქმედებას.

გორში იმდენი ხალხი იყო და იმდენი სითბო მივიღე კონცერტის შემდეგ…

თუ ასრულდა შენი ოცნებები?

პატარა ალექსანდრეს ოცნებები ასრულდა, მაგრამ რაც ვიზრდები და რაც უფრო გავდივარ ამ გზას, უფრო მეტი და მეტი ოცნება მემატება.

ამერიკაში წასვლის პერიოდი რომ გავიხსენოთ, რამდენად მარტივი იყო ეს გზა, რა დაბრკოლებები შეგხვდა და რა გაძლევდა ძალას?

ის დამეხმარა, რომ გაუაზრებლად წავედი, არ ვფიქრობდი და არ მქონდა გეგმაში, რომ იქ დავრჩებოდი, უბრალოდ, ასე მომიწია, რადგან კოვიდი დაიწყო. რაღაც პროექტის გამო ჩავედით, რაც მერე გადაიდო. არჩევანის გაკეთება მომიწია, ან უნდა დავრჩენილიყავი ამერიკაში და საბუთებზე გაგვეგზავნა, როგორც ხელოვანს ან უნდა წამოვსულიყავი და თუ მომეცემოდა კიდევ შანსი, უკან დავბრუნებულიყავი. მახსოვს, დედაჩემს დავურეკე და ავუხსენი ასეთი სიტუაცია არის და რა გავაკეთო, დავრჩე თუ წამოვიდე, რას მირჩევ-მეთქი, დედამ მითხრა, ხომ იცი, რომ უმიზეზოდ არ წასულხარ და მთელ ოჯახს და მე ძალიან მოგვენატრები, არ ვიცით, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ყველაფერი, მაგრამ ყოველთვის ვიცოდით, შენი მიზანი, მისია და ჯობია, რომ ამ საქმეს მიხედო, ჩვენ მონატრებას როგორმე გავუძლებთო. ეს ძალიან დიდი სტიმული იყო, დედაჩემს რომ იმაზე გაეკეთებინა აქცენტი, ჩემი შვილი ხარ და ძალიან მომენატრები და ჩამოდიო, სრულიად შეიცვლებოდა ჩემი ცხოვრება. თუ მაინც დავრჩებოდი, იმის დარდში ვიქნებოდი, რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე. ასეთი პასუხი რომ მივიღე, ამან ძალიან დიდი ძალა მომცა და მეტად ადვილი იყო იმის გადაწყვეტა, რომ დავრჩენილიყავი და კარიერა გამეგრძელებინა.

საოცარი ადამიანები შემხვდნენ, კარგებიც და ცუდებიც, მაგრამ კარგებმა გადაფარეს, ისეთი ადამიანები შემხვდნენ, რომლებმაც გულთან ძალიან ახლოს მიმიღეს. ჩემს ოჯახს მინდობით აღზრდაში ჰყავს აყვანილი 4 შვილი, 4 შვილი იშვილა. ახლა, ამერიკაში რომ ვარ, ისე მოხდა, რომ სულ მეუბნებიან, დედიკოები გამოგიჩნდნენო და ეს ჩემი ამერიკელი დედიკოები, დედაჩემს ეუბნებიან, რაც შენ საქართველოში მადლს აკეთებ, ღმერთი ეხმარება შენს შვილსო.

როგორც ვიცი, შენი ოჯახის მხრიდან ბავშვების მინდობით აღზრდაში აყვანა, შენს ამერიკაში წასვლამდე, შენი თხოვნით მოხდა…

კი, ეკლესიაში რომ დავდიოდი, ხშირად ვნახულობდი ისეთ ბავშვებს, რომელთაც დახმარება სჭირდებოდათ და რაღაცნაირად ყოველთვის მქონდა ამის სურვილი და ჩემებს დაველაპარაკე. სინამდვილეში, სოციალურში ერთი ბავშვის დახმარებაზე დავწერეთ, რადგან იმ პერიოდში, ფიზიკურად და ფინანსურად ვერ გასწვდებოდა ჩემი ოჯახი იმას, რომ 4 ბავშვს დახმარებოდა. მერე, დაგვირეკეს 4 ბავშვია ასეთ სიტუაციაში და ერთი სიტყვით, მოხდა ისე, რომ ვერ შეიკავა ჩემმა ოჯახმა თავი და დღემდე, რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად არიან ისინი.

როგორი დამოკიდებულება გაქვს მათთან?

დისტანციურად გამოდის, მაგრამ ძალიან თბილი დამოკიდებულება მაქვს, რა თქმა უნდა. ძალიან მაგარი ბავშვები არიან.

ამერიკაში როგორ მიგიღეს, რამდენად თბილი ხალხია იქ?

უფრო ბარიერები არსებობს ადამიანებში, მაგრამ თუ შემოგიშვა, თუ დაინახა, როგორი ადამიანი ხარ, თუ გაგიცნო, ჩემი პირადი გამოცდილებით, ნამდვილად არ ვყოფილვარ ისე, რომ რაღაც ძალიან სიცივე მეგრძნო და არ მიმეღო სითბო ადამიანებისგან, მაგრამ საქართველოში რომ ჩამოვდივარ, აქ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება, ქუჩაში გაგაჩეროს და ისე დაგელაპარაკოს, რომ გეგონება, მთელი ცხოვრება გიცნობს. 5 წლის მერე, პირველად რომ დავბრუნდი საქართველოში და ასეთი დამოკიდებულება დავინახე ადამიანებში, ცოტა მიკვირდა კიდეც, მიუჩვეველი ვიყავი.

არ ნანობ, ხომ ამერიკაში რომ დარჩი?

ნამდვილად არა, პირიქით, ძალიან მადლობელი ვარ.

ახლა რა ხდება ამერიკაში, რა პროექტებზე მუშაობ?

ახლა, ამერიკაში ძალიან ცნობილ პროდიუსერებთან ერთად ვმუშაობ ჩემს საკუთარ სიმღერაზე.

სრულიად შემთხვევით, ლიფტში აღმოვჩნდი ძალიან ცნობილ პროდიუსერთან ერთად, არ ვიცოდი, ვინ იყო, უბრალოდ ძალიან განსხვავებული ტანსაცმელი ეცვა და შევაქე, თქვენი ჩაცმულობა მომწონს-მეთქი. საუბარი რომ გავაბით, თავის სართულზე ხელის დაჭერა დაავიწყდა და ჩემს სართულზე მოხვდა ეს კაციც. უცებ, მეძახიან, „ალექსანდრე, სცენაზე“ – რადგან კონცერტი იყო. დავემშვიდობე ამ კაცს, უნდა გავიქცე-მეთქი. ეს კაცი დარჩა, რომ ჩემთვის მოესმინა და როგორც კი სიმღერა დავასრულე, მოვიდა ჩემთან და მითხრა, მე პროდიუსერი ვარ და დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩემი სიმღერების შემსრულებელი იყოო. მე თავხედმა ვუთხარი, მეც ვწერ სიმღერებს და თუ მოგეწონებათ, ჩემს სიმღერებზე ერთად ვიმუშაოთ-მეთქი (იცინის). საკონტაქტო ინფორმაციები გავცვალეთ, მერე უკვე, რომ დავგუგლე ვინ იყო, გავიგე, თურმე ვისთან მქონია საქმე. უდიდესი ვარსკვლავების რექორდებზე აქვს ნამუშევარი.ამ ყველაფერ არ ველოდი. მეორე სიმღერა, რომელიც მასთან ერთად გავაკეთე 80 მლნ ნახვაზე ავიდა ინსტაგრამზე და ამის შემდეგ, უკვე, მთავარ სტუდიაში გამიყვანეს ჩასაწერად. ამ რაღაც წარმატების ნაბიჯებს რომ ვდგამ და ვგრძნობ ამ ყველაფერს, ბევრად სასიხარულოა.

ამერიკელი პროდიუსერები, რომლებთანაც გიმუშავია, შენი ვოკალის პედაგოგი, თუ ინტერესდებიან ქართული სიმღერით, მისი ჟღერადობით და რომელიმე სიმღერა თუ მოსწონთ გამორჩეულად?

კი, „ლალე“ უყვართ ძალიან, შეროლსაც. ახალ წელს და შობას სულ ერთად ვხვდებით და ვისხედით, საშობაო სიმღერებს ვმღეროდით, უცბად, გააჩერა ეს ყველაფერი და მოდი, მოვრჩეთ ეს უაზრობებიო და ქართული იმღერეო, მითხრა. მერე, ეს სოციალურ ქსელშიც დავპოსტეთ და არ ვიცი, იმხელა სიყვარული წამოვიდა…

გადაცემის აუდიოჩანაწერი

ალექსანდრე ზაზარაშვილი. “პრემიერა თაკოსთან”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები