LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გულუას მეგრული „კვაჭობები“: „თხა, ჭაკი, ჯუას ჩვენი მეგობრის ბებია გვეძახდა…“

1112

ნანუკა გულუა „ჩემი ცოლის დაქალებში“ ყოვლისშემძლე დოჩი ალიშბაიას როლს ასრულებს. მეგრელი ქალის სახე, რომელიც სერიალში შექმნა, მისთვის ნაცნობია. ზუგდიდელია და შესაბამისად, ყველაფერი ის, რასაც სერიალში განასახიერებს, მისთვის ახლობელია. ხშირად ამბობს, რომ საკუთარ პერსონაჟს ძალიან ჰგავს.

ნანუკამ ამ სერიალით თავბრუდამხვევი წარმატება და პოპულარობა მოიპოვა, მასთან ფოტოების გადაღება სურთ, სთხოვენ, დოჩის რომელიმე ფრაზა თქვას. ნანუკა პროფესიით მსახიობი არ არის, მაგრამ ეს სფერო ძალიან მოსწონს.

ნანუკა გულუა:

ქალაქ ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე. სულ მსახიობობაზე ვოცნებობდი. მე რომ სკოლა დავამთავრე, ახალი ომგამოვლილები ვიყავით, მოგეხსენებათ, სამეგრელოში ამ პერიოდმა კიდევ უფრო მძიმედ გაიარა, გადავიფიქრე მსახიობობა და ჩავაბარე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. გადმოვედი თბილისში საცხოვრებლად, დავამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, ვმუშაობდი ერთ-ერთ ჟურნალში. მას მერე, ძალიან მალევე, გავხდი პერსონალის მართვის მენეჯერი, რაც ახლა ჩემი პროფესიაა.

მანამდეც ძალიან მიჭირდა დასახელება, ვინ ვარ პროფესიით და ახლა ავიჭერი კიდევ უფრო, რაც სერიალში დავიწყე მონაწილეობა, ამიტომ ამ შეკითხვას ვრცლად ვპასუხობ ხოლმე.

დოჩი როგორ დაიბადა?

დოჩი ქეთის (ქეთი დევდარიანი, სცენარისტი – ავტ.შენ.) შვილია და ალბათ, მას უნდა ჰკითხოთ. მე შეიძლება ვივარაუდო, როგორ დაიბადა. მე და ქეთის გვყავს საერთო მეგობარი, თინათინი, რომლის დაბადების დღეზეც გავიცანით ერთმანეთი. მგონი, იქიდან გაუჩნდა იდეა, შეექმნა დოჩი. ძალიან აქტიური ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მეგობრების შეკრებაზე. დეტალურად არ მახსოვს, რა დროს მოვხიბლე ქეთი, მაგრამ ალბათ, ამ დაბადების დღეზე გაუჩნდა დოჩის შექმნის იდეა. მეორე წელს, როცა მე და ქეთი ისევ შევხვდით თიკოს დაბადების დღეზე, ძალიან გაბრაზებული ვიყავი. გრიშა კაკაჩიას პერსონაჟთან გულუები მივიდნენ აკლდამაში ადგილის სათხოვნელად და მან უარით გაისტუმრა, თიკოს ვეუბნებოდი, ერთი გამოვიდეს ქეთი, რაღა მაინცდამაინც გულუები ამათხოვრა აკლდამაზე-მეთქი (იცინის). ამაზე ძალიან ბევრი ვიხალისეთ. ქეთი დამპირდა, რომ ამ შეცდომას გამოასწორებდა. როცა კასტინგზე მისვლა შემომთავაზა, უარი ვუთხარი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მის იმედებს ვერ გავამართლებდი. მერე მითხრა, სცენარს გადმოგიგზავნი, წაიკითხე და გადაწყვიტე, მოხვალ თუ არაო. როცა წავიკითხე, მივხვდი, რომ ამ ქალს ვერავის დავუთმობდი, მივედი კასტინგზე და გადავლახე ის არანორმალური ნერვიულობა, რაც ახლავს ყველა დილეტანტი მსახიობის მცდელობას.

დოჩისთან რა გაქვთ საერთო?

ერთადერთი განმასხვავებელი არის სიმკაცრე, რომელიც მე არ მაქვს და მისი დამახასიათებელი საუბრის მანერა. დანარჩენი თვისებებით ძალიან ვგავართ, ქარცეცხლით, ტემპერამენტით, საუბრის სისწრაფით. როცა ჩემს ახლობელს სჭირდება ჩემი დახმარება, მეც გავრბივარ და მზად ვარ, თავიდან ბოლომდე ვიყო მის პირად ცხოვრებაში ჩართული, არა დოჩის მეთოდებით, რა თქმა უნდა. დოჩი არ არის უარყოფითი პერსონაჟი, აქვს პროვინციული შტრიხები. როგორც ირკვევა, თავისი პირადი ცხოვრება არ აქვს და ბუძისა და ნათესაობაზე დახმარებაზეა ორიენტირებული. მიყვარს და მომწონს დოჩი. არ ვარ პროფესიონალი მსახიობი, რომ მისი როლის შესრულება გამადვილებოდა. ალბათ, არის ბევრი მსგავსება.

დოჩის მსგავსად თქვენც მკაცრი ხართ მამაკაცების მიმართ?

არა (იღიმის), მე უფრო ლოიალური ვარ. ვერ გეტყვი, რომ თავს მესხმიან და აივანზე გამობრძანების შემოთავაზებებით მოდიან…

როგორი მამაკაცები მოგწონთ?

ჩამოწერილი კრიტერიუმები არ მაქვს. მომწონს ლაღი ადამიანები. აგრესიულ ადამიანს არ მივიკარებდი.

დოჩის როლმა არ მოიტანა თაყვანისმცემლების ტალღა?

მოიტანა, რასაკვირველია. ბოლო პერიოდი ვხვდები, რომ ძალიან შევიცვალე. ის ენერგია, რომელიც მქონდა და უამრავ ადამიანს ვღლიდი ამით, ახლა დაცლილი ვარ და თან სავსე ემოციებით. არ ვიცი, რა ჰქვია ამ შეგრძნებას. ვერ ვხვდები, რომ ეს ჩემ თავს ხდება, უცებ როგორ გავხდი ასე ნაცნობი და საყვარელი ყველასთვის. როგორ უნდა შევინარჩუნო ეს სიყვარული და არ გავაფუჭო, ამას ვფიქრობ. სანამ ამას არ განიცდი და არ გაივლი, ვერც გაიგებ. ერთეულებს შეიძლება ხვდეთ წილად ის უზომო სიყვარული, რასაც ახლა მე ვიღებ. მინდა, ყველას სითბოს პოზიტივით ვუპასუხო.

თავიდან, როცა პირველი სერია გავიდა, ასე დადებითად არ იყვნენ განწყობილები. ვფიქრობდი, რა და როგორ გამეკეთებინა, რომ სხვა მსახიობებისთვის ხელი არ შემეშალა. იყო დადებითი კომენტარებიც და კრიტიკული მოსაზრებებიც, ეს ჯანსაღი პროცესია, მაგრამ მე ვერ ვიღებ და განვიცდი. ცხოვრებაშიც ასეა, შენიშვნის მიღებას ყველაფერი მირჩევნია. ბოლო სერიების გასვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ყველას მხრიდან იმდენი პოზიტივი მოდის, რომ მეშინია, როგორ შევინარჩუნო. თურმე რამდენი ადამიანი ელოდება ამ სერიალს. როგორ შეიძლება გავკადნიერდე და ვინმეს რჩევა მივცე, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ მინიმალური პოზიტივიც კი შეიძლება, ძალიან კარგად დაგიბრუნდეთ. ამდენი სიხარულისგან ვერ ვსუნთქავ.

მეგრელების შეფასების არ გეშინოდათ?

ვფიქრობდი, როგორ მიიღებდნენ. ხომ არ იფიქრებდნენ, რომ დავცინით. მინდოდა, რომ მეგრელებს სიამოვნება მიეღოთ და დანარჩენი საქართველო არ გამეღიზიანებინა. მინდოდა, სიცილი და ხალისი მოეტანა იმ ადამიანებისთვის, ვინც მეგრული არ იცის. ვინ იცის, ის უფრო კარგად მიხვდებოდა ამ „კვაჭობებს“ და მიიღებდა სიამოვნებას. ასეც მოხდა. მსმენია ტექსტები, რომ ამაყობენ ჩემით. ამაზე დიდი ჯილდო არ არსებობს ადამიანისთვის. ერთი სული მაქვს, როდის ჩავალ სამეგრელოში. ახლა ისე კარგად ვერ ვგრძნობ და დიდი სიამოვნება მელოდება წინ.

თხა, ჭაკი, ჯუა – ეს ფრაზა თქვენ მოიფიქრეთ?

ეს არის ჩემი მეგობრის ბებიის სიტყვები, რომლებსაც ჩვენ გვეძახდა. მოწიფულობის ასაკში რომ გავრბოდით და გამოვრბოდით, მაშინ გვეძახდა, ოღონდ გათხოვებასთან დაკავშირებით არა (იღიმის). გადაღებისას მე მომაფიქრდა და მგონია, რომ გაამართლა…

ფოტო: დათუნა აგასი

გადაღების ადგილი: რესტორანი „დადიანი“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები