LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარმანია: ესტაკადის მშენებლობა 87 ხე–მცენარის გადასარჩენად შევაჩერეთ

90

„ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის პროექტის შეჩერების ერთადერთი მიზეზი არის 87 ხე-მცენარის შენარჩუნება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო მოძრაობის დაბალი ინტენსივობიდან გამომდინარე, პირადად მიიღო გადაწყვეტილება, პროექტის შეჩერების შესახებ.

როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ქალაქის ცენტრში 87 ხე-მცენარის მოჭრას საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვებოდა.

„ესტაკადის მშენებლობის შეჩერების მიზეზი კერძო მესაკუთრე არ ყოფილა. გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და მიზანმიმართულად  საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება. კერძოდ, საუბარია ცინცაძე-კარტოზიას  ესტაკადის მშენებლობაზე. რომლის პროექტიც მერიას კერძო კომპანიამ წარმოუდგინა. სამუშაოების დაწყებამდე  დაგეგმილი იყო  ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების მოჭრაც და გადარგვაც, თუმცა, სპეციალისტების აზრით, გადარგვის შედეგად დიდი ალბათობით მცენარეების უმრავლესობა გახმებოდა. უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი, მოგვეჭრა 87  ხე- მცენარე და აგვეშენებინა ესტაკადა, თუ შეგვენარჩუნებინა არსებული ნარგავები. მიუხედავად იმისა, რომ „ზიმოსთვის“ ავანსად გადარიცხული იყო მილიონი ლარი, მაგრამ ეს იყო გაცემული შესაბამისი საბანკო გარანტიით,  პირადად მე მივიღე გადაწყვეტილება ხეების შენარჩუნების მიზნით, ცინცაძე-კარტოზიას დამაკავშირებელი ესტაკადის  პროექტის განხორციელება შეჩერებულიყო“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.  თბილისის მერის თქმით, პროექტის შეჩერებას კავშირი არ აქვს კერძო საკუთრებასთან.

რაც შეეხება წინასწარ ავანსის გადარიცხვას, დავით ნარმანიას განცხადებით, ავანსი არის შესაბამისი საბანკო გარანტიით გაცემული, რაც საბიუჯეტო თანხის დაკარგვას გამორიცხავს და უახლოეს დღეებში თანხა კომპანია „ზიმოს“ მიერ საბიუჯეტო ანგარიშზე დაბრუნდება.

mazda magti 5g