NASA-ს მეცნიერები საქართველოს „ჩაკრულოს კვირეულის“ ფარგლებში 25-28 სექტემბერს ეწვევიან. როგორც ცნობილია, მარსისა და ვოიაჯერის პროგრამის ხელმძღვანელები თბილისში საჯარო ლექციებს გამართავენ. კერძოდ, 26 სექტემბერს, კინოთეატრ „ამირანში“ვოიაჯერების მისიის ხელმძღვანელის, ჯონ კასანის საჯარო ლექცია გაიმართება, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება. ამის შემდეგ ახალი დოკუმენტური ფილმის The Farthest კინოჩვენება შედგება (ინგლისურ ენაზე ქართული სუბტიტრებით. დასწრება უფასოა მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის). ჩვენებას ასევე დაესწრება ფილმის რეჟისორი ემერ რეინოლდი. ფილმი ნომინირებულია „ემიზე“.
28 სექტემბერს, 16 საათზე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, NASA-ს მარსის პროგრამის მთავარი ინჟინრის, რობ მენინგის საჯარო ლექცია გაიმართება, დასწრება თავისუფალია.
ეს ყველაფერი კი NASA-ს ორი კოსმოსური ხომალდის , ვოიაჯერ 1-ისა და ვოიაჯერ 2-ის კოსმოსში გაშვების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებათა ფარგლებში ჩატარდება.
შეგახსენებთ, რომ ვოიაჯერებმა მეცნიერებაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინეს. ამ ისტორიამ გავლენა იქონია მეცნიერთა და ინჟინერთა არა მხოლოდ ამჟამინდელ თაობაზე, არამედ დედამიწის კულტურაზე, მათ შორის ფილმებზე, მხატვრობასა და მუსიკაზე. თითოეულ ხომალდს „კოსმოსურ ოკეანეში“ თან მიაქვს ოქროს ფირფიტა, რომლებზეც ჩაწერილია დედამიწისეული ხმები, ღირსშესანიშნავი ადგილები და სიმღერები ჩვენი პლანეტიდან, მათ შორისაა ქართული სიმღერა „ჩაკრულო“, იმ იმედით, რომ იქნებ ერთ მშვენიერ დღეს, მათ რომელიმე სხვა, კოსმოსში მოხეტიალე არამიწიერი ცივილიზაცია გადაეყაროს და გაშიფროს.