„ნასას“ ახალი მისიის ფარგლებში წითელ პლანეტაზე გაგზავნილი მარსმავალი პლანეტის ზედაპირზე ხუთშაბათს დაეშვება. როვერი დამშრალი ტბის, ჯეზეროს კრატერში ჩაეშვება. ეს ადგილი საუკეთესოა მარსის ნიადაგის შესასწავლად, რადგან იქ შესაძლოა ჯერ კიდევ იყოს შემორჩენილი იმ ბაქტერიების ნაკვალევი, რომლებიც მილიარდობით წლის წინ ჯეზეროს ტბაში ბინადრობდნენ.
3.5 მილიარდი წლის წინ წითელი პლანეტა სულაც არ იყო ისეთი, როგორიც ახლა. მარსზე ტბები, ზღვები და მდინარეები იყო და სავსებით შესაძლებელია, რომ მათში გარკვეულ მიკრობებს ეცხოვრათ, რომელთა ნაკვალევიც შესაძლოა უკვე დამშრალი ტბის ადგილას, კრატერში იყოს შემორჩენილი. კრატერში მიკრობების აღმოჩენა იმის მანიშნებელი იქნება, რომ მზის სისტემაში სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვა ადგილასაც არსებობდა, რაც მეცნიერებს დიდი ენთუზიაზმით აღავსებს.
ჯეზეროს კრატერი საინტერესოა მარსის გეოლოგიის შესწავლის კუთხითაც, რადგან მეცნიერების ვარაუდით, ის პლანეტის ფორმირებიდან მალევე, მეტეორის შეჯახების შედეგად გაჩნდა.
„ნასას“ მარსმავალი კრატერის სხვადასხვა წერტილიდან ნიადაგის 40 ნიმუშს აიღებს, რომლებსაც დედამიწაზე უკვე შემდეგი მისია ჩამოიტანს. იგი პლანეტის ზედაპირზე სიცოცხლის ნიშნების ძებნას ერთი მარსული წელიწადის (ჩვენი ორი წელიწადის) განმავლობაში განაგრძობს…