საქართველოს მთავრობა ავტომობილებში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) დანერგვის შესაძლებლობაზე მუშაობს. ინიციატივა საქართველოს 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნულ სტრატეგიაშია გათვალისწინებული.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, Alcohol Interlock-ის სისტემა მძღოლს ავტომობილის ძრავის ამოქმედების საშუალებას არ აძლევს, თუ მისი ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა კანონმდებლობით დასაშვებ ზღვარს აღემატება. შესაბამისად, მოწყობილობის მიზანი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციაა.
სტრატეგიის მიხედვით, ტექნოლოგიის დანერგვასთან დაკავშირებით მუშაობა გაგრძელდება. ამასთან, იგეგმება მისი გათვალისწინება იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს ბაზარზე ავტომობილის განთავსებისთვის იქნება განსაზღვრული.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოში ალკოჰოლური თრობა კვლავ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამომწვევ ფაქტორად რჩება. ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს, 2019 წელთან შედარებით, ალკოჰოლური თრობისას სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევები 12.9%-ით შემცირდა.
როგორც საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, 2025 წლის პირველ კვარტალში ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა 109 შემთხვევაში დასახელდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სავარაუდო გამომწვევ მიზეზად. აღნიშნულ შემთხვევებს 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 129 ადამიანი დაშავდა.
ამასთან, საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციისთვის სხვა ღონისძიებებსაც ითვალისწინებს.
მათ შორის, იგეგმება ნარკოტიკული საშუალებების გამოვლენის სპეციალური ტექნიკური საშუალებების ეტაპობრივი დანერგვა ქვეყნის მასშტაბით და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში მყოფი მძღოლების უკეთ იდენტიფიცირებისთვის.
სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან ბრძოლისთვის ეფექტურია მრავალმხრივი მიდგომა, რომელიც მკაფიო რეგულაციებთან ერთად სამართალდარღვევების გამოვლენასა და აღსრულებასაც აერთიანებს.
საქართველოში ახალბედა მძღოლებისთვის გამოსაცდელი ვადა დაინერგება – რას ითვალისწინებს ცვლილება
წყარო: BPN
