გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი მსახიობი ნატა გულიაშვილი იყო. საუბარი რეალითი-შოუ „ამტანისა“ და პროექტ „შენ შეგიძლია ცეკვის“ გარშემო წარიმართა.
– ნატა, „ამტანიდან“ გაგიცნო საზოგადოებამ…
– კი, თავიდან ნამდვილად იყო „ამტანი“ და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი. ბევრი კარგი რამ მომიტანა. 11 წელი გავიდა და ხალხი კვლავ ამ რეალითი შოუს იხსენებს.
– ამ შოუში სკანდალებში ხშირად ხვდებოდი...
– ასე გამოდიოდა, მე სპეციალურად არაფერი გამიკეთებია. როდესაც მონაწილეები გვტოვებდნენ, ყოველთვის ძალიან განვიცდიდი და ვტიროდი. ძალიან კარგად მახსენდება ყველაფერი. რადგან პირველი რეალითი შოუ იყო და მონაწილეები არავის ვბაძავდით.
– რატომ ხვდებოდი სკანდალების ეპიცენტრში მაინცდამაინც შენ?
– არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მაგრამ დავალებებს თავს კარგად ვართმევდი, ჩემდა უნებურად გამომდიოდა კარგად, ამის გამო მონაწილეებში შური გამოვიწვიე, ვგრძნობდი, რომ გოგოებსაც და ბიჭებსაც ჩემი შურდათ.
სხვათაშორის, პროექტის გამარჯვებულს, სანდრო ჟღენტს ჯერ კიდევ პროექტის დაწყებამდე მოვწონდი. თეატრალურში ვსწავლობდით და ვიცოდი, რომ ჩემი გაცნობა უნდოდა, პროექტის დასაწყისში მოსინჯა კიდეც, მაგრამ გავაფრთხილე, რომ ჩვენს შორის სასიყვარულო რომანი ვერ იქნებოდა და მხოლოდ მეგობრობა შემეძლო. ამის მერე მან მაიკოსთან დაიწყო ურთიერთობა.
– ბევრი თაყვანისმცემლები გყავდა?
– პროექტშივე იყო მესიჯები მაყურებლებისგან, რომელიც მამუკა ღლონტს ყოველ კვირას შემოჰქონდა. ჩემი მესიჯები ყოველთვის ყველაზე მეტი იყო, რაც ძალიან მსიამოვნებდა. რომ გამოვედი პროექტიდან, საოცრება ხდებოდა, ჩემი სახლის ნომრის გაგება უნდოდა ყველას და ა.შ.
– შენმა გამოსვლამ პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა“ მთელი საქართველო აალაპარაკა. შეგიძლია მოგვიყვე რა მოხდა?
– კი, რა თქმა უნდა, დეტალურად მოვყვები. ჩემს ცხოვრებაში ასე ხდება, სულ სკანდალებში ვეხვევი, მაგრამ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ. ბავშვობიდან ბალეტზე დავდიოდი, ანსამბლშიც ვცეკვავდი. მინდა ვთქვა, რომ ამ პროექტში მონაწილეობა ჩემი სურვილით არ მომხდარა. მყავს ერთი მეგობარი, რომელსაც დაახლოებით ათი წელია ვიცნობ. მის სახელს არ დავასახელებ, არ მინდა ისევე გავწირო, როგორც მან თავად გამწირა. „იმედში“ დაახლოებით 5-6 წელია მუშაობს. მან შემომთავაზა ამ პროექტში მონაწილეობა, რაზეც ვუპასუხე, რომ სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე პროექტში მონაწილეობას ვერ შევძლებდი. მან მიპასუხა, რომ „იმედი“ ხელს შემიწყობდა და რომ ფინალამდე „მიმიყვანდნენ“. ამის მიუხედავად საბოლოო პასუხი არ მითქვამს. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მირეკავს იგივე ადამიანი და მე ისევ ვერ ვუთხარი ზუსტი პასუხი. ამის მერე დამირეკეს პროდიუსერებმა, რომლებსაც ვუთხარი, რომ არაფერი მომზადებული და დადგმული არ მქონდა. ბევრი ლაპარაკის მერე დამითანხმეს, რომ კასტინგზე მაინც მივსულიყავი. მივედი, დამხვდა სამი გოგო, რომლებიც გამეცნენ, როგორც „შენ შეგიძლია ცეკვის“ პროდიუსერები, თუმცა მერე გავიგე, რომ სინამდვილეში პროდიუსერი ზურა ფანქველაშვილი ყოფილა…
– რეალურად, საზოგადოებამ შენი ცეკვა იხილა…
– როდესაც მივედი კასტინგზე, დამხვდა უკრაინელი ქორეოგრაფი, რომელმაც ნახა ჩემი ცეკვა და მითხრა, რომ კარგად ვცეკვავდი და მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიმეღო. დახმარებასაც დამპირდა. ძალიან გამიხარდა ეს ყველაფერი და დამითანხმეს, რომ მონაწილეობა მიმეღო. მაგრამ ჩაწერამდე 2 კვირა იყო დარჩენილი და მითხრეს, რომ პირველ ტურზე ჩემი მოფიქრებული ცეკვა უნდა წარმედგინა. ბოლომდე ვყოყმანობდი. ამის მერე დუტა სხირტლაძემ მომწერა და მითხრა, რომ მოხარული იყო პროექტში ჩემი მონაწილეობით. მასაც ვუთხარი, რომ ჯერ არ მქონდა გადაწყვეტილი გამოვიდოდი თუ არა, რადგან ჩემით დადგმული ცეკვა მქონდა. დუტამ მიპასუხა, რომ „იმედი“ ჩემზე დიდ იმედებს ამყარებდა, ყველანაირი ბიძგი მომცა მანაც და ჩემმა მეგობარმა გიორგიმაც. მე არ ვამბობ, რომ მახე დამიგეს, მაგრამ უზომოდ დიდი ზეწოლა იყო მათგანაც და პროდიუსერებისგან. მიმიყვანეს იმ სტადიამდე, რომ გადაწყვეტილი ჯერ არ მქონდა და სცენაზე ვიდექი და უკვე ვცეკვავდი.
– რომ იცეკვე, ხალხმა მიიღო შოკი…
– იმდენად ცუდად იყო დამონტაჟებული, რომ გამოვიდა ის, რაც ნახეთ, მაგრამ მთლიანობაში ძალიან ლამაზი ნომერი იყო. მე გავაკეთე თეატრალური ჩანახატი, ვარ მსახიობი და არა მოცეკვავე, ამიტომ რაც შემეძლო ის გავაკეთე. იმ პერიოდში წონაშიც ცოტა მომატებული ვიყავი.
ცეკვის დამთავრების შემდეგ, ეჭვი არ შემპარვია, რომ მეორე ეტაპზე გადასული ვიყავი. ბევრი კადრი იყო ამოჭრილი, თუნდაც ის, რომ ზაკი ძალიან დიდხანს მელაპარაკა, რომ 2 წუთში ამდენი სახის შექმნა ძალიან კარგი იყო, რომ ძალიან ნიჭიერი ვიყავი. მერე ვარდი გადმომიგდო და მითხრა, რომ ქმარი რომ არ მყავდეს ცოლად მომიყვანდა. ამ მომენტში ნათია რთველიაშვილმა, რომლის სახელიც არავის გაუგია და საზოგადოებამ ამ შოუდან გაიცნო და რომელსაც „სწერვას“ იმიჯი აქვს მორგებული, ზაკს გააწყვეტინა ჩემი შექება და მითხრა, რომ მეორე ტურში გადასული არ ვიყავი. არც სალომეს, არც დუტას არაფერი ჰკითხა და თვითონ გადაწყვიტა, რომ ვერ გადავიდოდი მეორე ტურში. გამოსვლამდე კულისებში სალომე ჭაჭუაც ვნახე და მან დამამშვიდა და მითხრა, რომ არ უნდა მენერვიულა და ის ყველას ეტყოდა, რომ მე არა მოცეკვავე, არამედ მსახიობი ვარ. შეფასების დროსაც თქვა, რომ ჩემი ცეკვა მოეწონა, მაგრამ ნათიამ გააჩუმა და უთხრა: „სალომე, არა!“
ჩემი ცეკვა თავისი პიარისთვის გამოიყენეს.
– სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ამბის მერე ქმარს დაშორდი…
– როდესაც ამ შოუში მონაწილეობა შემომთავაზეს, ის არ იყო საქართველოში. დავურეკე და რჩევა ვკითხე. მან მიპასუხა, რომ არ მიმეღო მონაწილეობა, რადგან მეორე ტურში არ გადამიყვანდნენ. მე კი, იმდენად ვიყავი გაბრუებული ამდენი ადამიანის ლაპარაკით, რომ უნდა გავსულიყავი, ვარწმუნებდი, რომ ყველაფერი გამომივიდოდა.
საბოლოოდ მოხდა ის, რომ ძალიან სერიოზულად ვიჩხუბეთ და ამ მომენტში ერთმანეთში კვლავ დაძაბული ურთიერთობა გვაქვს და მეუბნება, რომ შერიგებისთვის დრო სჭირდება.
მე „იმედმა“ გამწირა და ასევე ზურა ფანქველაშვილმა. ისეთი დეპრესიები გადავიტანე, რომ სიკვდილს გადავურჩი. მე რომ რამე მომსვლოდა ზურას დაიჭერდნენ და ეგ გადაცემაც დაიხურებოდა. დღეს ვცდილობ, ყველაფერი დავივიწყო და ამ ყველაფერს პოზიტიურად შვხედო.
– წარმატებებს გისურვებ.
გადაცემის აუდიო-ჩანაწერი