LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: გთხოვთ, ნარკოტიკში ნუ ეძებთ გამოსავალს! როცა ადამიანს რეალობისგან დამცავი გარსის შემოკვრა უნდება, ეს მიუთითებს ფსიქიკურ პრობლემაზე, რა არის ფსიქიკური პრობლემა? სტრესის გადაუტანლობა..ვისწავლოთ გრძნობების ატანა, ზიდვა, ეს შესაძლებელია

209
BeFunky-collage (4)

ცნობილი ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში არსებულ ნარკოლოგიურ ვითარებას ეხმაურება.

როგორც ნათია წერს, როცა ადამიანს რეალობისგან დამცავი გარსის შემოკვრა, გაყუჩება უნდება ხშირად, ეს ფსიქიკურ პრობლემაზე მიუთითებს.

ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ნარკოტიკში არაა გამოსავალი და ადამიანმა უნდა შეძლოს გრძნობების ატანა.

„დროულად აღმოაჩინეთ თქვენს გრძნობებში გაქცევის, გაყუჩების ან მხიარულების ხელოვნურად გამოწვევის ხშირი სურვილი, როგორც სიმპტომი და მიიღეთ დახმარება,“ – წერს ფსიქოლოგი და ხაზს უსვამს, რომ ეს სრულიად შესაძლებელია.

ნათია ფანჯიკიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„კიდევ დაიღუპა გოგო და კიდევ მოხვდა რეანიმაციაში რამდენიმე ახალგაზრდა.

ნარკოტიკების მიმართ საფრთხის შეგრძნების მოხსნას იდეალურად ემსახურება მარკეტინგულად კარგად გათვლილი სიტყვები – „კლუბური“ – თითქოს რომელიმე სასიკვდილოდ საშიში ნივთიერება გართობასთან ასოცირებული და სოციალური გარემოსთვის ჩვეულებრივი დანამატი იყოს, „სააფთიაქო“ – თითქოს ლეგალური წამლის ზედოზირება ვიტამინის, ან ძალიან მარტივი პრეპარატის მიღების შემთხვევაშიც კი არ იწვევდეს მოწამვლას, ან სიკვდილს; „მსუბუქი“ – თითქოს თრობის მხრივ მსუბუქი ისევე არ აზიანებდეს ტვინის ემოციურ სისტემას, ან რეცეპტორებს, ან არ აზიანებდეს რუხი ნივთიერების კონცენტრაციას, როგორც „მძიმე“.

ცნობიერების შეცვლა ნებისმიერ ადამიანს გვინატრია ზოგჯერ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტკივილს ვერ ვუძლებთ, ან მაშინ, როცა ყველაფერი სულერთი და უღიმღამოა და ერთხელ მაინც დავმთვრალვართ ასეთ დროს ყველა, ნივთიერების იმ არჩევანით, რომელიც ხელთ მოგვხვდა, ან უბრალოდ სურვილად დაგვიტოვებია მორალური ტანჯვის გაყუჩების მოთხოვნილება.

როცა ადამიანს რეალობისგან დამცავი გარსის შემოკვრა, გაყუჩება უნდება ხშირად, მით უმეტეს ყოველდღე, ეს მიუთითებს ფსიქიკურ პრობლემაზე.

რა არის ფსიქიკური პრობლემა? არაფერი განსაკუთრებული, არამედ სტრესის გადაუტანლობა, მასთან გამკლავების შეუძლებლობა

გთხოვთ, ნარკოტიკში ნუ ეძებთ გამოსავალს. ვუმკურნალოთ იმ ტკივილს, ან სიცარიელეს, რომელიც გვაიძულებს გავაყუჩოთ სიცოცხლე და ცოცხალი შეგრძნებები. ტანჯვასა და სიხარულს შორის ისეთივე თხელი ტიხარია, როგორც სიცილსა და ტირილს შორის. ხშირად თუ გააყუჩებ ტკივილს, მალევე, სრულად გაქრება სიხარულიც. ვისწავლოთ გრძნობების ატანა, ზიდვა. ეს არის შესაძლებელი. არ გეუბნებით ამას ზეპირად. გეუბნებით იმ ცოდნით, რომელიც სწორედ ტკივილის ატანა და შემდეგ მისი ტრანსფორმაცია რომ შემძლებოდა, იმიტომ მივიღე.

დროულად აღმოაჩინეთ თქვენს გრძნობებში გაქცევის, გაყუჩების ან მხიარულების ხელოვნურად გამოწვევის ხშირი სურვილი, როგორც სიმპტომი და მიიღეთ დახმარება. არსებობს ადგილები დღეს, სადაც შეძლებთ თქვენი ცხოვრების მართვის სწავლას. ერთ-ერთი კამარაცაა და უკვე  ლივინგ მუზეუმი თბილისი, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ტკივილის გარდაქმნის სახელოსნოდ,“ – წერს ნათია ფანჯიიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები