უწყებამ უნდა მოახერხოს და ენერგეტიკის და ტრანსპორტის დარგები წინმსწრები ტემპებით განავითაროს მთლიან ეკონომიკასთან შედარებით, – ამის შესახებ ეკონომიკის ახალი მინისტრი აცხადებს.
როგორც ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეკონომიკის ზრდის ტემპები შეძლებისდაგვარად დაჩქარდება.
„არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპი, არის ერთ-ერთი მაღალი რეგიონში. ეს არის ის მონაპოვარი და შედეგი, რაც ჩვენი გუნდის ეკონომიკურმა პოლიტიკამ დღემდე მოიტანა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა არსებულ რესურსს მისი დაჩქარების, თუკი ასეთი არსებობს, გამოვიყენებთ. ჩვენი სამინისტრო კომპლექსური სამინისტროა, რამდენიმე დარგს მოიცავს, მაგრამ მინდა გამოვყო ორი დარგი – ენერგეტიკა და ტრანსპორტი. ეს დარგები უნდა იყოს ძირითადი კონტრიბუტორი ეკონომიკურ ზრდაში. უნდა მოვახერხოთ და ეს ორი დარგი უნდა განვითარდეს წინმსწრები ტემპებით მთლიან ეკონომიკასთან შედარებით. აქედან გამომდინარე, შევძლებთ, რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ და ყველა რესურსი ავამოქმედოთ იმისთვის, რომ ისედაც მაღალი ეკონომიკურ ზრდის ტემპი შეძლებისდაგვარად გავაუმჯობესოთ. ეს ზრდა უნდა იყოს ინკლუზიური“, – განაცხადა თურნავამ.
რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, როგორც თურნავამ აღნიშნა, ეს მაჩვენებელი საშუალოზე მაღალია.
„არსებული მონაცემებით, მაჩვენებლები, რომელსაც აღწევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, საშუალოზე მაღალია ანუ ჩვენ არ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ რაიმე შემცირდა. არის კონკრეტულ დარგებში სტატისტიკური მონაცემების ცვლილება, მაგალითად, ისევ ენერგეტიკა, რომელსაც კარგად ვიცნობ. აქ სტატისტიკური შემცირება დაფიქსირდა მხოლოდ იმის გამო, რომ ერთი მსხვილი პროექტი დასრულდა. საუბარია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეორე ფაზაზე. მერწმუნეთ, რომ ბევრი მსხვილი პროექტი გვაქვს ენერგეტიკაში და სხვა სფეროებში, რომელიც ისევ გაზრდის ამ მაჩვენებელს. წელსვე დაგეგმილია ამბიციური პროექტები, რომელიც პირდაპირი კონტრიბუტორები არიან უცხოური პირდაპირი ინვესტიციების სტატისტიკაში. იმისთვის, რომ ამით არ დავკმაყოფილდეთ და კიდევ უკეთესი პირობები შევქმნათ , უახლოეს პერიოდში მოვამზადებთ წინადადებებს, რომელიც მოიცავს რეგულაციების გამარტივებას, პროცედურების გამარტივებას და შეიძლება ამისთვის ჩვენ დაგვჭირდეს საკანონმდებლო წინადადებაც კი. საუბარია იმ სერვისებზე, რომელსაც სახელმწიფო და ეკონომიკის სამინისტროც მათ შორის, სთავაზობს მცირე და საშუალო ბიზნესს“, – განაცხადა თურნავამ.