LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა კომერციული ბანკებისა და ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

111
ნათია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბიზნეს ასოციაციისა და საბანკო სექტორის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასა და იმ გეგმებზე ისაუბრეს, რომლებიც ეკონომიკასა და მოსახლეობას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით დამატებით სტიმულს მისცემს.

შეხვედრაზე ხაზგასმით კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ქართული საფინანსო სისტემა იყო, არის და იქნება საერთაშორისო სანქციების ერთგული.

„საბანკო სექტორი და ეროვნული ბანკი,  როგორც  ყოველთვის,  დღესაც ძალიან მჭიდროდ  თანამშრომლობს, გვაქვს  ერთიანი  ხედვა და საერთო მიზანი. ამასთან, ჩვენ საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულები ვართ. საინტერესო ინიციატივების შესახებ ვისაუბრეთ. ისინი საბანკო სექტორში ჩვენი ზედამხედველობის ქვეშ და ყველა რისკის გათვალისწინებით დაინერგება”, – განაცხადა თურნავამ.

„საინტერესო შეხვედრა შედგა. საბანკო რეგულაციის იმ დეტალებზე ვიმსჯელეთ, რომელთა შეცვლით ქვეყანაში ეკონომიკურ აქტიურობას ხელი შეეწყობა. ასეთი სამუშაო რეჟიმი მისასალმებელია და ამ პროცესის მიმართ იმედით ვართ განწყობილნი“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

„საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით შეხვედრაზე დაახლოებით ექვსი პროექტი მიმოვიხილეთ. ვფიქრობთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში გარკვეულ სიახლეებზე შევჯერდებით, რასაც შემდგომ  ბაზარს წარვუდგენთ”, – განაცხადა თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ გიორგი თხელიძემ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ქვეყნის ეკონომიკის 75%-ია გაერთიანებული. ჩვენთან ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორია წარმოდგენილი. რასაკვირველია, ისეთ მარეგულირებელთან, როგორიც საქართველოს ეროვნული ბანკია, ხშირი კომუნიკაცია გვაქვს. ეს ემსახურება ქვეყნის, ბიზნესის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. ჩვენი ამოცანაა, საბანკო-საფინანსო სისტემა, რომელიც ძლიერი და რეგიონში გამორჩეულია, კიდევ უფრო გაძლიერდეს. ჩვენი ხედვები და მოსაზრებები, რაც ეროვნულ ბანკში გავაჟღერეთ, დარწმუნებულები ვართ, ორ რამეს მოემსახურება: პირველი, ეს არის დადებითი ზეგავლენის მოხდენა საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე, რაც ძალიან დიდი პრობლემაა ბიზნესისთვის და მეორე – ლიკვიდურობა უფრო მეტად გაიზრდება, ანუ ბაზრისთვის უფრო მეტი თანხისა და რესურსების მიწოდება გახდება შესაძლებელი. ზოგადად, ეკონომიკის განვითარება თითოეული ჩვენგანის კეთილდღეობის საწინდარია. თუ გვინდა გვქონდეს ძლიერი ქვეყანა, უნდა გვქონდეს ძლიერი ეკონომიკა. ძლიერი ეკონომიკა კი უნდა შექმნას ბიზნესმა“, – განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

პოპულალურები