საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ლამფალუსის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც ყოველწლიურად უნგრეთის ეროვნული ბანკი მასპინძლობს. წლევანდელი ღონისძიება უნგრეთის ცენტრალური ბანკის დაარსების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მეათე საიუბილეო კონფერენცია, რომლის მთავარი თემაა „გეოეკონომიკის ეპოქა: ცენტრალური ბანკის ევოლუცია“, ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, უნგრეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორჟი მატოლჩიმ და კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა ჯეფრი საქსმა გახსნეს.
ღონისძიების ფარგლებში პანელური დისკუსიები გაიმართა, რომლებზეც მაღალი რანგის სტუმრებმა მონეტარული პოლიტიკის საკითხები განიხილეს.
კონფერენციის მიმდინარეობისას ნათია თურნავამ შეხვედრები გამართა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეროვნული ბანკების ხელმძღვანელებთან, ასევე კონფერენციის მასპინძელ უნგრეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელ პირებთან.
„საკმაოდ პროდუქტიული და საქმიანი დისკუსიები გვქონდა. ვისაუბრეთ გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, გავცვალეთ მოსაზრებები ინფლაციის მართვის კუთხით, მიმოვიხილეთ სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარება და ცენტრალური ბანკების როლი ინფლაციის ნორმალიზებაში“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.