გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველოს და უნგრეთს გვაქვს ძალიან კარგი მომავალი, რომ გავზარდოთ არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ საინვესტიციო შესაძლებლობებიც,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, უნგრეთის დელეგაცია, რომელსაც პიტერ სიიარტო ხელმძღვანელობს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ნათია თურნავას განცხადებით, გასულ წელს საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ვაჭრობა 4 პროცენტით გაიზარდა. მათ შორის, დადებითი დინამიკა დაფიქსირდა როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის შემთხვევაში.
შეხვედრაზე მინისტრებმა განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში. აღინიშნა, რომ უნგრეთის ავიაკომპანია „ვიზეარი“ საქართველოს ავიაბაზარზე არსებული უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში „ვიზეარის“ გეგმები ცნობილია და ისინი რეგულარულ ფრენებს მალე აღადგენენ.