LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავამ CAREC-ის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

116
ნათია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) სამუშაო შეხვედრაში, რომლის მიზანიც პროგრამის წევრ ქვეყნებს შორის ფინტექ სფეროში თანამშრომლობის იდეების განხილვაა.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, აღნიშნული ღონისძიების საქართველოში ჩატარება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის ნათელი დადასტურებაა და წარმოაჩენს ფინტექის მნიშვნელობას რეგიონული თანამშრომლობისთვის.

„საქართველომ ისტორიულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირების საქმეში. სავაჭრო ურთიერთობების მეშვეობით ჩვენი ქვეყანა ხელს უწყობდა ცოდნის გავრცელებას, კულტურული, ეკონომიკური და ტექნოლოგიური კავშირების გაღრმავებას. დღეს საქართველო კვლავაც შუა დერეფანში ვაჭრობის, ენერგეტიკის, ციფრული, სატრანსპორტო, ფინანსური და ლოგისტიკური მომსახურების ერთგვარ ღერძად გვევლინება. ამ ფუნქციის შესანარჩუნებლად საქართველო მუშაობს საგადახდო ინფრასტრუქტურის, მარეგულირებელი ჩარჩოს და საბანკო კანონმდებლობის ევროკავშირის სისტემებთან შესაბამისობაზე. ამავდროულად, ვაგრძელებთ ფინტექ სექტორის მუდმივ გაძლიერებას და ფინანსურ სფეროში რეგიონალური თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლას, რითაც მტკიცედ მივყვებით CAREC-ის პროგრამის ამოცანების შესრულების გზას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, CAREC-ის ქვეყნებში ფინტექის განვითარება საყოველთაო სიკეთის მომტანია და მისი ხელშეწყობა საერთო ამოცანაა.

„ფინტექ სფეროს მარეგულირებლებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობამ და ფინანსური სისტემების გაძლიერებულმა ინტეგრაციამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი რეგიონალური საგადახდო და საანგარიშსწორებო სისტემების ურთიერთდაკავშირებას, რაც შემდგომში დიდად დაეხმარება ვაჭრობას და გლობალურ ფინანსურ მთლიანობას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ქვეყნების წარმომადგენლები, აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელი პირები და საფინანსო-საბანკო სექტორის სხვა წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები