LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავამ, ვაშინგტონში, სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

106
ნათია თურნავა

აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი ქალების შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრა ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში გენდერულ საკითხებს, საზოგადოებასა და ეკონომიკურ საქმიანობაში ქალების ფინანსურ ჩართულობას, მათი როლის ზრდასა და ქალთა გაძლიერებას მიეძღვნა.

შეხვედრის მონაწილეებს ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ქალთა გაძლიერების მიზნით გადადგმული ნაბიჯები გააცნო. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ეროვნული ბანკის მაღალი და საშუალო მენეჯმენტის 54% და სამეთვალყურეო საბჭოს ცხრა წევრიდან ხუთი ქალია.

„2020 წელს ჩვენ დავნერგეთ ფინანსური განათლების პორტალი, ხოლო 2023 წელს დავამტკიცეთ ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის განახლებული ვერსია. ორივე დოკუმენტში ქალები პრიორიტეტულ ჯგუფს წარმოადგენენ. ასევე აქტიურად ვმუშაობთ კორპორაციული მმართველობის გასაუმჯობესებლად. განახლებული კორპორაციული მმართველობის კოდექსის მეშვეობით, ჩვენ შემოვიტანეთ გენდერული კვოტები კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკების სამეთვალყურეო საბჭოებისთვის“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის სტრატეგიული მიდგომა მიზნად ისახავს ქალების მიერ მართული ბიზნესებისთვის ფინანსებზე წვდომის ხარვეზისა და სექტორში გენდერული ხელფასების სხვაობის აღმოფხვრას.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ისინი განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და დახმარების ეფექტურობის, ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g