ნათია წიწილაშვილი ბოლო პერიოდში ეკრანზე ნაკლებად ჩანდა. მეორე შვილის დაბადების შემდეგ უფრო მეტი დრო ოჯახს დაუთმო, თუმცა, ახლახან ეკრანსაც დაუბრუნდა სერიალ „სიყვარულს მიღმათი“. მსახიობი თავისი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრა.
ნათია წიწილაშვილი:
დიდხნიანი პაუზის შემდეგ ეკრანს დავუბრუნდი. სერიალ „სიყვარულს მიღმას“ ქასთინგმენეჯერი დამიკავშირდა და სიხარულით დავთანხმდი. მანამდე ერთ-ერთ სეზონში სულ სხვა როლიც შემომთავაზეს, მაგრამ მაშინ ვერ მოვახერხე მონაწილეობის მიღება და ძალიან დამწყდა გული, იმიტომ, რომ საინტერესო, საკმაოდ პოპულარული და გემოვნებიანი სერიალია. ეს უკვე მეხუთე, საფინალო სეზონია და ძალიან გამიხარდა, როცა დამირეკეს, რადგან უკვე მეც შემეძლო მონაწილეობის მიღება. ჩემი პერსონაჟი ეპიზოდურ როლს არ თამაშობს, არც მთავარ როლად განიხილება, თუმცა, სხვა გმირებზე თავის გავლენას ახდენს და მგონია, რომ მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება.
– ამდენხნიანი პაუზის შემდეგ რამდენად სასიამოვნო აღმოჩნდა დაბრუნება?
– ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. ბუნებრივია, რადგან ეს ჩემი პროფესიაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში შემოთავაზებები იყო, მაგრამ ეს პროფესია მე უკვე, თითქოს, ჰობის სახით მაქვს (იცინის). არის რეკლამები, კლიპები… სერიალისა და ფილმის სახით, ანუ, შედარებით დიდი პროექტიდანაც იყო რამდენიმე შემოთავაზება, მაგრამ უარი ვთქვი. არ იყო ჩემთვის მისაღები და ამიტომ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ძალიან გემოვნებიანი სერიალია და სიამოვნებით დავთანხმდი.
დიდ პროექტს რაც შეეხება, ბოლოს ქართულ-ყაზახურ ფილმში მივიღე მონაწილეობა. ეს ჯერ კიდევ პანდემიის დროს იყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, პანდემიის დროს მე ვმუშაობდი. მაშინაც ვმუშაობდი, როცა ყველა სახლში იყო ჩაკეტილი. ტესტების ჩაბარებით, უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით და განსაკუთრებული სიფრთხილით. ერთი თვე ყაზახეთში ვიცხოვრე, თბილისშიც გვქონდა გადაღებები და იმ პერიოდში ძალიან დაკავებული ვიყავი. თუმცა, ისე დაემთხვა, როცა პანდემია დასრულდა და ყველაფერი ძველებურად ამოძრავდა, მე ამ პერიოდში უკვე ორსულად ვიყავი, რამდენიმე პატარა პროექტში მივიღე მონაწილეობა და როდესაც ბავშვი დაიბადა, რატომღაც, ისე, რომ არავის უკითხავს, თითქოს, ყველამ გადაწყვიტა, რომ მე ჩემი პროფესიისთვის არ მეცალა (იცინის).
– როგორია ყოველდღიურობა პატარასთან ერთად?
– გამოვიდა, რომ ეს ორი წელი ოჯახს, მეუღლესა და შვილებს დავუთმე. ჩემგან მანამდეც არ აკლდათ ყურადღება, მაგრამ ბოლო ორი წელი – კიდევ უფრო მეტად. პანდემიით დაიწყო და შემდეგაც გაგრძელდა. ზოგი ჭირი მარგებელიაო, მივეჩვიეთ. საშინელება იყო, რაც გამოვიარეთ, მაგრამ დადებითი მხარეებიც ჰქონდა – ოჯახის წევრებიც კი უფრო მეტად დაგვაახლოვა ერთმანეთს და შესაძლოა, ამის მერე მეც მეტი ყურადღება დავუთმე ოჯახს. ქასთინგმენეჯერებთან, რეჟისორებთან თუ ტელევიზიებთან უფრო რომ მეაქტიურა, ალბათ, ეს ორი წელი პაუზა არ მექნებოდა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა, რადგან ჩემთვის ოჯახი ყოველთვის პირველ ადგილზე იქნება.
– პატარა როგორი გოგოა?
– ლივი სამი წლის ხდება, თუმცა, თავის ასაკზე ბევრად განვითარებული ბავშვია. მღერის და ძალიან უყვარს ქართული სიმღერები. კარგადაც გამოსდის და ვფიქრობ, როდესაც ოთხი წლის გახდება, სიმღერაზე შევიყვანო. მხიარული და ჭკვიანი ბავშვია. აზროვნებითა და საუბრით 5 წლის ბავშვს ჰგავს. სიარულიც და საუბარიც ძალიან ადრე დაიწყო. ძალიან კონტაქტურია.